"ის რომ არა, ვერ ჩავაბარებდი..." - ემოციური ისტორიები საგამოცდო ციებ-ცხელებიდან

გამოცდები

საქართველოში ეროვნული გამოცდები დასრულდა. საგამოცდო ცენტრთან თუ უშუალოდ ტესტირების დროს, არაერთი მხიარული და საინტერესო ფაქტი ხდება ყოველ წელს.

სოციალურ ქსელში გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლი, თეიკო ანჯაფარიძე გამოცდებზე ერთ-ერთი დამხმარის შესახებ წერს, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრს დაამახსოვრდა.

„ამ ადამიანების ისტორიები ჩემთვის ყოველთვის ახალი აღმოჩენაა. წელს გადავწყვიტეთ ეს ისტორიები თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. ყველაზე ემოციური ის გამოხმაურება, რომელიც ამ პოსტს მოჰყვა. ანტონ ჩიქოვანი მართლაც გამორჩეული პროფესიონალი და კიდევ უფრო გამორჩეული ადამიანია.

„დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა, როცა ვიყავი დამხმარე აბიტურიენტის, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა და არ შეეძლო წერა. ის მკარნახობდა და მე ვუწერდი სიტყვასიტყვით. გამოსაცდელს ჰქონდა გაორმაგებული დრო, შესაბამისად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სექტორში მუშაობა არც მეტი, არც ნაკლები 8 საათი მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდებოდა როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩაწერა, ეს პროცესი მაინც ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან არ უნდა გამომრჩენოდა არცერთი სიტყვა თუ სასვენი ნიშანი. ასეთი სამუშაო დღის ბოლოს დაღლას ყოველთვის კმაყოფილების შეგრძნება ფარავს - გრძნობ, რომ გამოსაცდელების დახმარება რეალურად შეძელი და შენი მოვალეობა მაქსიმალურად კარგად შეასრულე.“ - ეს არის ერთ- ერთი ისტორია, რომელსაც ანტონი იხსენებს.

მიხარია, როდესაც ამ სისტემის უკან ასეთი ადამიანები დგანან. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ინსტიტუცია მის წარმატებასა და განვითარებას მაინც ადამიანური რესურსი განსაზღვრავს“,- წერს ჟურნალისტი. 

ანტონის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცდაზე მყოფი სხვა აპლიკანტებიც აქტიურად წერდნენ.