კანზე გამოვლენილი ნიშნები, რომლებიც მიგახვედრებთ, რა დაავადებაზე და რომელ ექიმს უნდა გაესინჯოთ - ზაზა თელია განმარტავს

დერმატოლოგი

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს კანზე გამოხატული სიმპტომების შესახებ, რომლებიც მომატებულ ქოლესტერინის დონზე მიგვანიშნებს:

- ქსანთომა - ლოკალიზებული ცხიმოვანი ქსოვილი კანქვეშ ან მყესებზე. თუ მყესზე გვხვდება, მან შეიძლება, მოძრაობის შეზღუდვაც განაპირობოს. ქსანთომების არსებობით შეიძლება ეჭვი მივიტანოთ, რომ ადამიანს ორგანიზმში ქოლესტერინის დონე მომატებული აქვს. ასევე, ქოლესტერინის დონე ხანგრძლივად უნდა იყოს მომატებული, რომ ქსანთომა განვითარდეს.

 ქსანთელაზმა - იგივე ბრტყელი ქსანთომა. მოვარდისფრო წარმონაქმნები ქუთუთოებზე. ქსანთელაზმების არსებობაც შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის დონე მომატებულია.

 ფსორიაზი - ფსორიაზი ქოლერტერინის დონის მატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ მაღალი ხარისხის კვლევებით დადგინდა, რომ ფსორიაზსა და ქოლესტერინის დონის მატებას შორის კავშირი არსებობს. თუ ჩამოვთვლით იმ ფაქტორებს, რაც ფსორიაზს აპროვოცირებს, მეორე ადგილზე ჭარბი წონა და სიმსუქნეა. პირველ ადგილზე კი - თამბაქოს მოხმარება. ფსორიაზით დაავადებულმა ადამიანებმა თამბაქოს თავი უნდა დაანებონ და თუ ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებთ, კრიტიკულად აუცილებელია, რომ წონაში დაიკლონ.

ქოლესტერინის ემბოლიზმი - როდესაც ქოლესტერინის კრისტალები არტერიებში გვხვდება, ჯერ მსხვილ არტერიებში, მერე უფრო წვრილ არტერიებში გადადის - ისინი ამ არტერიებს ახშობენ და არტერიის დახშობით, ქსოვილებისკენ სისხლის მიდინების დარღვევა ხდება, რის გამოც შეიძლება, ქვემო კიდურის წყლულები, კანის ფერის ცვლილებები, განგრენა განვითარდეს ანუ შეიძლება, პაციენტს ამპუტაცია დასჭირდეს. ასევე, ლურჯი ფერის თითებიც გვხვდება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვემო კიდურისკენ სისხლის მიდინება შეფერხებულია. შესაძლოა, ქოლესტერინის ემბოლიზმი ხელის მტევნებზეც შეგვხვდეს.