ჯგუფური თავდასხმები, დაუნდობელი ანგარიშსწორება და ფაშისტური იდეოლოგია - გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ნეონაცისტური დაჯგუფების დაკავებულთა წრე კიდევ გაიზარდოს

ნეონაცისტური დაჯგუფება

ახალგაზრდა ბიჭები, მსგავსი ვარცხნილობით, საერთო ჩაცმის სტილით და ერთი იდეოლოგიით, უმოწყალოდ უსწორდებიან ყველას, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებს. ფაშისტური დაჯგუფება, ძირითადად, მოზარდების შემადგენლობით, საკუთარ თავს მორალურ მსაჯულად წარმოაჩენს და ფიქრობს, რომ ძალადობის, წამებისა და დამცირების გზით, საზოგადოება მავნე ელემენტისგან უნდა გაწმინდოს.

23 წლის ლუკა კობაიძეც, რომელმაც დუმილი "კურიერი P.S.-თან" დაარღვია, ნეონაცისტების ერთ-ერთი მსხვერპლია. მას, ჯამში, 20-მდე პირი სამჯერ დაესხა თავს. ახალგაზრდა მამაკაცს ხელკეტებით, ბოთლებით და კასტეტებით სასტიკად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაზიანებები დღეს უკვე აღარ ეტყობა, თუმცა მაშინ განცდილი მძიმე სტრესი ახლაც მოჰყვება. გვიყვება, რომ, ჯგუფური ძალადობის შემდეგ, იძულებული გახდა, უნივერსიტეტში სწავლაც მიეტოვებინა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიარულიც.

ლუკა კობაიძე სოციალური ქსელებში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ორიგინალურ კონტენტს ხშირად აქვეყნებდა. ის მიზანში, სავარაუდოდ, სწორედ იმის გამო ამოიღეს, რომ დამწყები ინფლუენსერის შეხედულებები ფაშისტურ იდეოლოგიას არ დაემთხვა. დაჯგუფების წევრებმა, ძალადობის მიზეზის შესაქმნელად, გამოიყენეს არასრულწლოვანი, რომელმაც მსხვერპლთან რომანტიკული ხასიათის მიმოწერა წამოიწყო, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მამაკაცი სახლიდან გამოიტყუეს და არაადამიანურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ ლუკა კობაიძეს ფაშისტური დაჯგუფება თავს კიდევ ორჯერ დაესხა.

18 წლის მოზარდია ის, ვინც ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და მასზე თავდასხმაშიც მონაწილეობდა. ახლა ის იმ 13 პირს შორისაა, ვინც სამართალდამცველებმა ჯგუფური წამებისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ოჯახში გვითხრეს, რომ ახალგაზრდა ბიჭს ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია.

ერთი მხრივ, ჯგუფური წამება, ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და დამამცირებელი მოპყრობა, მეორე მხრივ კი უკონფლიქტო ბავშვების იმიჯი ოჯახში და უახლოეს წრეში - ნეონაცისტების ორმაგი ცხოვრება მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, ვისთანაც ბრალდებულ მოზარდებს ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ.

იდეოლოგია, რომელიც ძალადობას ამართლებს და უდანაშაულო ადამიანებს სამიზნეებად აქცევს - გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ათობით დაზარალებული, მათ შორის - არასრულწლოვანი ბავშვები.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი "კურიერი P.S.-თან" ამბობს, რომ დაჯგუფება მთელი თბილისის მასშტაბით ორგანიზებულად მოქმედებდა და მოქალაქეებს სხვადასხვა მოტივით, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, თავს ესხმოდა. ნეონაცისტების წინააღმდეგ რიგით მესამე, მასშტაბური დაკავების ოპერაცია თბილისის სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. ხელბორკილები დაადეს 13 ახალგაზრდას, მათ შორის ერთ გოგოს და ორ არასრულწლოვანს.

დიდუბე, სანზონა, ვარკეთილი, რუსთაველი, ორთაჭალა - ეს იმ ლოკაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც ნეონაცისტები ძალადობის სცენებს აწყობდნენ. მსხვერპლს ამცირებდნენ, იარაღის მუქარით აჩოქებდნენ და მთელ პროცესს მობილურებით იღებდნენ.

ნაძალადევის რაიონში მდებარე ძველი საზოგადოებრივი სივრცეც ნეონაცისტებმა დანაშაულის ადგილად აქციეს. იქ, სადაც მსხვერპლის დახმარებას ვერავინ შეძლებდა, უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ. დაკავებული მოზარდები დუმილის უფლებით სარგებლობენ, ადვოკატები კი, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, დეტალებზე არ საუბრობენ.

დამამცირებელი და ძალადობის ამსახველი ვიდეოები, რომელსაც ბრალდებულები თავად იწერდნენ, ახლა მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. პროკურორი "კურიერი P.S. -თან" განმარტავს, თუ რა სქემით მოქმედებდა დედაქალაქის მასშტაბით ორგანიზებული ჯგუფი.

ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერები სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დააკავეს, მათ შორის "ბერგმანის" სახელით ცნობილი ძალადობრივი ჯგუფის მეთაური, 30 წლის ლევან აბესაძე. მიუხედავად ამისა, ნეონაცისტების ქსელთან დაკავშირებული არაერთი ახალგაზრდა უმძიმეს დანაშაულებს კვლავ განაგრძობდა.

სერიულ ძალადობას უკვე ათობით დაზარალებული და ათობით ბრალდებული ჰყავს - დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა წრე კიდევ გაიზარდოს.