„იუდა რომ ვყოფილიყავი, ქრისტეს არ გავყიდდი, შევეცდებოდი სხვანაირად მეშოვა ფული“ - კახა ბენდუქიძე 66 წლის გახდებოდა

კახა ბენდუქიძე

დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, კახა ბენდუქიძის დაბადების დღეა. ის 66 წლის გახდებოდა.

ბენდუქიძე მათ შორისაა, ვინც თავისი ფინანსური შესაძლებლობები განათლების განვითარებას მოახმარა.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე მისი შვილიშვილი დაიბადა. ანასტასია ბენდუქიძე ალექსანდრეს დედა გახდა.

„6 წელია, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემთვის. ეს ის დღე იყო, რომელიც მთელი გულით მძულდა, ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე გულის ნაწილი.

ვიფიქრე, რომ ბედი სასაცილო რამ არის, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი მშობიარობის ვადა 13 ნოემბერი იყო. ასე რომ, ყველაზე საშინელი დღე კალენდარში გახდა ის დღე, რომელსაც მოუთმენლად ველოდი…

ჩემმა შვილმა საკუთარი დაბადების თარიღი აირჩია და გადაწყვიტა 3,5 საათით ადრე მოვლენილიყო ამ სამყაროში.

ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, დაიბადა ალექსანდრე მხეიძე წონით 3,7 კგ და სიგრძეში 51 სმ., და თავს კარგად გრძნობს.

მადლობა ჩემს შესანიშნავ ქმარს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო და მხარს მიჭერდა, როგორც ემოციურად, ისე – ფიზიკურადაც.

შეიძლება 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, გული გადამევსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა ბენდუქიძე თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის თავისი ცნობილი ულვაშიდან.” – დაწერა მაშინ ბენდუქიძის შვილმა.

გთავაზობთ კახა ბენდუქიძის რჩეულ ციტატებს: 

- ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

- ყველაფერი რასაც ირგვლივ ხედავ არის ადამიანების შექმნილი. სახელმწიფოსი კი არა, ადამიანების.

- ცოდნა, შრომა, თავისუფლება.

- რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის) ადამიანი თავისი შრომის შედეგს. რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა.

- ეკონომიკა ყველა ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნებისა თუ ფაბრიკების.

- არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება – ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს.

- თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?

- იუდა რომ ვყოფილიყავი, ქრისტეს არ გავყიდდი, შევეცდებოდი სხვანაირად მეშოვა ფული.

- დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე არ ჩამოყალიბდება სახელმწიფო. საზღვრების მქონე ტერიტორია შეიძლება ჩამოყალიბდეს, სახელმწიფო - არა. ერი-სახელმწიფო უფრო სხვა არის, ვიდრე შემოღობილი ტერიტორია.

- კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია ზომიერი იყოს. ან შენ ამარცხებ მას, ან ის ამარცხებს ქვეყანას.

- არ მგონია დღეს არსებობდეს გონიერი ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ ინფლაცია ეკონომიკის განვითარებას ხელს შუწყობს, ეს ზღაპარია.

- ვატყობ, რაც კი ნაგავი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, ყველა ახლა დაიწყებს ტყუილების შეთხზვას და ზღაპრების მოყოლას. თქვენ ამის ნაწილს უკვე ხედავთ, ნაწილს კიდევ ნახავთ - თან უფრო დიდ ნაწილს. ასე რომ მოემზადეთ.

- ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ, ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი - სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისთვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანული დანადგარით დაიბეჭდება. ამას ახლა გლობალიზაცია ეწოდება - კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა.

- სისულელეები წერეთ, მაგრამ ქართული ანბანი გამოიყენეთ.