ირაკლი ქარსელაძე ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.

შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის განვითარებისთვის ADB-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმოიხილეს ერთობლივი პროექტების მხრივ გასულ წელს მიღწეული შედეგები, მიმდინარე პროექტების პროგრესი და სამომავლო გეგმები.

„სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტების გასული წლის შედეგებს მაღალი შეფასება მიეცა, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. ბანკის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენს განვითარების ხედვას აქვს სრული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო დივერსიფიცირებული იქნება იმ ახალი პროექტების და პროგრამების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე მუშავდება ჩვენს მიერ“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ქარსელაძემ.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის საქართველოსთან პარტნიორობა სამ ათეულ წელს ითვლის, ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.  მისი თანამშრომლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოიცავს სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას. ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგების, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები. დიდია ბანკის მხარდაჭერა რეგიონების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებითაც.

ირაკლი ქარსელაძემ მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა იუჯინ ჟუკოვსა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი მისიის წარმომადგენლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - კობა გაბუნია და მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი,  მისი მოადგილე ანდრეს პეტერსონი, ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ზეღამ ნაქვი, პროექტების წამყვანი ოფიცერი გიორგი კიზირია დ ურბანული განვითარების სპეციალისტი მარია პია ანკორა.