ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1780086908
ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებდით თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს?
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის უდიდესი სიხარული და პატივი იყო, და არის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული მთელი ჩემი ცხოვრება. უნივერსიტეტში ვისწავლე, სადაც მასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები: სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი ურუშაძე, ირაკლი შენგელია, რისმაგ გორდეზიანი, ალექსანდრე ალექსიძე, თინათინ ყაუხჩიშვილი, ელგუჯა ხინთიბიძე და ა. შ.
დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო ეს ჩამონათვალი. შესანიშნავი მეცნიერები იყვნენ და ეს ყველაფერი იყო უმნიშვნელოვანესი ჩემს ცხოვრებაში! ვსწავლობდი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, კლასიკური ფილოლოგიის განხრით და როგორც ჩვენი დიდი მასწავლებელი ბატონი სიმონ ყაუხჩიშვილი ბრძანებდა - „ჩვენს ჰუმანიტარულ მეცნიერებას აქვს ერთი დიდი ამოცანა, რომ გარდა იმისა, რომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს იკვლევს და აფასებს, მისთვის უმთავრესი უნდა იყოს ქართულ სამყაროსთან კავშირი, ძველი ცივილიზაციების სამყაროსთან“... ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ანტიკური სამყარო - საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები ჰქონდა. სწორედ, ამ თვალსაზრისით წარიმართა მთელი ჩემი ცხოვრება... და ეს ბუნებრივია, არ შეცვლილა და დღემდე რაც შემიძლია სულ ვცდილობ, რომ რაღაც გავაკეთო ამ მიმართულებით. გამოიცემა წიგნები, კეთდება სამეცნიერო კვლევები, სტატიები, ასევე ხდება ურთიერთობების განმტკიცება თანამედროვე საბერძნეთთან, იტალიასთან და ა. შ. ამ თვალსაზრისით, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არაჩვეულებრივ სამყაროში აღმოვჩნდი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კორიფეებთან და ეს სიამოვნება გვავალდებულებს კიდეც, რომ მომავალში ის ტრადიციები, რომელთაც მათ საფუძველი ჩაუყარეს, არ ჩაქრეს და არ განელდეს!
თქვენი აზრით, დღეს რა არის ქართული მეცნიერების მთავარი გამოწვევები და განვითარების ძირითადი მიმართულებები?
უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ქართული სამყაროს ურთიერთობებს ძველ ანტიკურ სამყაროსთან, ძველ ცივილიზაციებთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ჩვენ ვეყრდნობით წყაროებს და გადმოცემებს. მინდა გავიხსენო ბიზანტიელი ფილოსოფოსები - თემისტიოსი და ლიბანიუსი, რომელთა მიმოწერაში ვკითხულობთ - „მეც ჩემო კარგო, რიტორიკის ნაყოფნი მოვწყვიტე არა წყნარსა და ელინურ ადგილას, (ე. ი. საბერძნეთში) არამედ, ფაზისის ბოლოს, იქ, სადაც არგომ თესალიიდან ჩამოსულმა დაისადგურა, რაზეც პოეტები გაკვირვებით მოგვითხრობენ!“ აი, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, გვავალდებულებს იმას, რომ სიღრმისეულად ჩავწვდეთ იმ წყაროებს, რომლებიც დაკავშირებულია ქართულ სამყაროსთან... აქედან გამომდინარე, შეკითხვა - დაკავშირებული მეცნიერების მომავალთან, (ამ შემთხვევაში, ჩვენი დარგის მომავალთან)
განპირობებულია იმით, რომ ჩვენ კარგად შევისწავლოთ ოდინდელი გამოცდილება და მეცნიერებას შევმატოთ ახალი იდეები, ახალი წახნაგები; შევქმნათ და განვამტკიცოთ ახალი ურთიერთობები და რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მემკვიდრეობითობა. მიმაჩნია, რომ მეცნიერების მომავალი არის დროთა კავშირში, მემკვიდრეობითობაში, ტრადიციების დაცვაში, სიახლის ძიებაში, ინოვაციებსა და განვითარებაში. ამასთან ერთად, ბუნებრივია, რომ დღევანდელ რეალობაში, ამ გლობალურ სამყაროში, ეროვნული თვითმყოფადობის საკითხებს უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს, რაზედაც ჩვენი დიდი კლასიკოსები გამუდმებით საუბრობდნენ. გამოვარჩევდი ვაჟა-ფშაველას გენიალურ გამონათქვამს პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმზე. ის ბრძანებს, რომ ყველა ერი ქმნის ფასეულობებს და ეს ფასეულობები არის მოზაიკა და ეს არის მსოფლიო კულტურის მიღწევები. იქ უნდა დავინახოთ და განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი და ამავდროულად მივაგოთ პატივი ყველა კულტურას.
როგორ ხედავთ მეცნიერების როლს თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მოტივაციის კუთხით?
უდიდესია მეცნიერების როლი, უდიდესია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ახალგაზრდა თაობა ძალიან სწრაფად ითვისებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ციფრულ მიმართულებებს, თუმცა, ამავე დროს, მე მიმაჩნია, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჰუმანიტარულ ფაქტორს!.. რომ ადმიანმა, მხოლოდ რაციოთი არ იხელმძღვანელოს, არ დაკარგოს სამყაროს აღქმა, პოეტური ხედვა, მშვენიერების შეგრძნება... ერთი სიტყვით, მე ვხედავ მეცნიერების როლს ჰარმონიაში; მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებასთან ერთად, ჰუმანიზმის განმტკიცება უნდა მოხდეს, ადამიანმა, ადამიანური თვისებები არ უნდა დაკარგოს, მანქანას არ უნდა დაემსგავსოს. ანუ, სულიერების ფაქტორი უნდა იყოს უდიდესი, თუმცა, აქ ბუნებრივია მრავალი გამოწვევა ჩნდება და ეს გამოწვევები უნდა დავძლიოთ!
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობას ქვეყნის ინტელექტუალურ-კულტურული განვითარებისთვის?
აი, როგორი მნიშვნელობაც ჰქონდათ უდიდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს, მაგალითად, როგორიც იყო გელათისა და იყალთოს აკადემიები, თავისი ტრადიციებითა და მეცნიერული სკოლებით (სადაც თავს იყრიდა ყოველივე საუკეთესო, ვითარდებოდა სიბრძნისმეტყველება), ასეთივე როლი აქვს დღეს მეცნიერებას... და კიდევ, მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო მეტიც, იმიტომ, რომ ისეთი გამოწვევებია დღეს თანამედროვე სამყაროში, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობების დაძლევა უწევთ დღეს ჩვენს თანამედროვე მეცნიერებსა და თანამემამულეებს. აქედან გამომდინარე, მეცნიერების როლი, შემეცნების როლი სამყაროს გააზრების როლი და ღირებულებების შეფასების როლი, არის უზარმაზარი!.. და, არავითარ შემთხვევაში ამის დაკნინება არ უნდა მოხდეს!.. სხვაგვარად, ადამიანი თავის დანიშნულებას კარგავს!
წელს, აკადემიას 85 წელი შეუსრულდა. როგორ შეაფასებდით ამ თარიღის მნიშვნელობას და რა არის ის მთავარი მემკვიდრეობა, რომელიც აკადემიამ წლების განმავლობაში შექმნა?
ყოველთვის, როდესაც საიუბილეო თარიღები აღინიშნება, ეს უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ახალი სტიმული და ახალი მოტივაცია გაჩნდეს! აკადემია ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ ეს იუბილე უნდა გადაიქცეს სტიმულად იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ინტერესი მეცნიერების მიმართ. მეცნიერებათა აკადემიის როლი გამოიხატება კოორდინაციაში, იგი თავს უყრის იმ საუკეთესო მიღწევებს, რაც მოიპოვება აკადემიურ მეცნიერებაში, ცდილობს რომ ეს მიღწევები გაიტანოს საერთაშორისო სარბიელზე და დაამკვიდროს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საგანმანათლებლო სისტემაში და ა. შ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დიდი სამეცნიერო სკოლები არსებობდა, რომლებიც მრავალი თვალსაზრისით დღესაც აგრძელებენ თავის მოღვაწეობას, მიუხედავად სპეციფიკისა და მრავალი სირთულისა (ამას ხაზგასმით აღვნიშნავ); ხაზგასმით იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, სხვადსხვა ეტაპზე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ საქართველოში სამეცნიერო სკოლები თურმე არ არსებობდა. ეს რასაკვირველია, არის ყოვლად გაუმართლებელი, მიუღებელი და არაობიექტური (რბილად, რომ ვთქვათ) შეფასება. საქართველოში არსებობდა დიდი სამეცნიერო სკოლები, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ამ თვალსაზრისით, მეცნიერებათა აკადემიის როლი გამოიხატება კოორდინაციაში, პრობლემების მიმართ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში, სახელმწიფოსთვის დამარების გაწევაში... და ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, კანონით, მეცნიერებათა აკადემია არის მთავრობის მეცნიერული მრჩეველი და აქედან გამომდინარე, მან ისეთი რჩევები უნდა განახორციელოს, რომელიც წაადგება მომავალს!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაძლიერდეს კავშირი აკადემიას, უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შორის?
ძალიან კარგი შეკითხვაა... საქმე ისაა, რომ წარმოუდგენელია ამ კომპონენტების გარეშე განვითარება... ამიტომ, მოწყვეტილად და ლოკალიზებულად არ შეიძლება არცერთის განხილვა. საუნივერსიტეტო განათლება წარმოუდგენელია მეცნიერების გარეშე!.. მეცნიერების დანიშნულება კი ის არის, რომ ახალგაზრდა თაობებმა მემკვიდრეობით ჩაიბარონ ის, რაც აქამდე გაკეთებულა; განავითარონ, ახალ ნიადაგზე აღმოაცენონ ბევრი ახალი იდეა თუ კონცეფცია. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი მე წარმომიდგენია ჰარმონიაში. უნდა იყოს განუწყვეტელი ურთიერთკავშირი. ეს არის ერთი მთლიანობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს საზოგადოების, სახელმწიფოს წინსვლა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება!
რას უსურვებდით აკადემიის მომავალს და რა გზავნილი გექმნებოდათ ახალგაზრდა მეცნიერთათვის?
აკადემიას ვუსურვებ, რომ შეინარჩუნოს ის მისია და ის ფუნქცია, რაც მეცნიერებას აკისრია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თანამედროვე სამყაროში, და რომელიც ყოველთვის ეკისრა საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ, რომ მეცნიერული აზრის განვითარება არის საზოგადოების წინსვლა და რაც უფრო მეტად დაეწაფება ახალგაზრდობა მეცნიერულ მიღწევებს, მით უფრო საინტერესო გახდება ცხოვრება, მით უფრო მეტი პროგრესი იქნება და განვითარდება ცივილიზაცია!
...და რაც შეეხება ჩემს გზავნილს ახალგზარდა მეცნიერთა მისამართით, იქნება ასეთი, რომ მეტად შეიყვარონ წიგნი, მეტი ისწავლონ, მეტი შეიძინონ და მეტი მოტივაციით, ძიებებით და მოთმინებით იმოღვაწეონ სამეცნიერო სარბიელზე!