„იმას, რასაც ახლა ვიტყვი, მართლა ვერ ვუღებ ალღოს და, იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ პასუხი...“ - რას დარდობს ნუგზარ რუხაძე

ნუგზარ რუხაძე

ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„იმას, რასაც ახლა ვიტყვი, მართლა ვერ ვუღებ ალღოს და, იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ პასუხი. საუბარია წიგნის კითხვაზე.

დავჯექი და დავთვალე დრო, რომელიც საკითხავად, შეიძლება, ჰქონდეს საშუალოდ დაკავებულ ადამიანს, დიდსაც და პატარასაც და აღმოვაჩინე, რომ აუცილებლად რომ ითვლება, იმ წასაკითხი ლიტერატურის ფეხდაფეხ მიყოლა არ გამოდის და, აი, რატომ:

მე რომ ვიყავი პატარა, მერე ყმაწვილი, შემდეგ ჭაბუკი და ბოლოს, მოწიფულობაში რომ შევედი, ასე თუ ისე, მაინც შეიძლებოდა გარდაუვალად წასაკითხი წიგნების რაოდენობის გამკლავება, რადგან მაშინ დროს ისე არ გვიჭამდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორც ახლა. წიგნიც ამ ყაიდის საშუალებაა, მაგრამ მას ინფორმაციის იმდენი მედიუმი დაემატა დღეს, რომ მხოლოდ რაციონალურად კითხვის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით.

გაგიტაცებს მხატვრული ლიტერატურა და იმდენ სხვა რამეს ჩამორჩები, რომ ზარალის ანაზღაურება უსაშველო იქნება. ჰოდა, რა ვქნათ, ახლა? მე, ჯანდაბას, გასული ვარ უკვე ბოლოში, მაგრამ სხვებმა, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას, რა ქნან, როგორ მოიქცნენ, რომ აუცილებელი ერუდიციის გარეშე არ დარჩნენ ამ აღვირაწყვეტილი ინფორმაციული ჭექა-ქუხილისა და თავსხმის სამყაროში? ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი ბავშვობის შემდეგ, ანუ ამ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, კიდევ რამდენი აუცილებლად წასაკითხი წიგნი დაემატა მსოფლიო ბიბლიოთეკას?

რომელს ვეტაკოთ, რომელი გადავფურცლოთ და რომელი ერთი გადავიკითხოთ ხელახლა, რომ უკეთესად შევუშვათ თავში? არც კი ვეცდები ამ ხერხემალში გადამტეხ კითხვაზე პასუხის გაცემას. შენ თუ მოახერხებ რამე ჭკვიანურის თქმას, აგერაა ელქტრონული ქაღალდიც და კალმისტარიც!” – წერს ნუგზარ რუხაძე.