"გუშინ მთელი საქართველო მღეროდა "ზღაპრის ბოლოს". მე როგორც ვატყობ, ბიჭები მას ყველა თამაშზე იმღერებენ!" - მერაბ სეფაშვილის ემოციები

merabi

"ზღაპრის ბოლო კეთილია" - გია მაჭარაშვილის ამ სიმღერას გუშინ, ლეგენდარული მატჩის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელები გულით მღეროდნენ, ღრიალებდნენ, მადლობას გვიხდიდნენ, სისხლს იდუღებდნენ... მღეროდნენ ატირებული ტრიბუნებიც, ეკრანთან მაყურებელიც... იტირა იქვე მყოფმა მერაბ სეფაშვილმაც, რომელმაც შეგვაყვარა ეს სიმღერა და ბედნიერების დროს სულ გვეღიღინება. 

2024 წლის 26 მარტის შემდეგ კი, ბიჭებმა, "ზღაპრის ბოლოს" ახალი სიცოცხლე შესძინეს. და როგორც მერაბი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამიერიდან ნაკრები მას სულ შეასრულებს. 

მერაბ სეფაშვილი: ბიჭებმა თვითონ წამოიწყეს ეს სიმღერა. მე პირადად არც ერთს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ამ სიმღერას ხშირად მღერიან. და გუშინ უკვე მთლად მთელი საქართველო მღეროდა მათთან ერთად (იცინის). თბილისის ქუჩებში მოდიოდნენ და მღეროდნენ.

მივედი, მივულოცე ბიჭებს. ძალიან გაუხარდათ რომ დამინახეს. ძალიან ვგულშემატკივრობ ნაკრებს. მიყვარს ფეხბურთი. ცრემლიც ვღვარე. სიხარულისგან მთელი ღამე არ გვძინებია. ძალიან ბედნიერები ვართ ყველა. 

"ზღაპრის ბოლო" 2000 წელს ჩავწერე. მუსიკა გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირმა სოხაძეა. ეს სიმღერა უკვე გამარჯვებასთან და დიდ სიხარულთან იქნება ასოცირებული და მე როგორც ვატყობ, ბიჭები ამ სიმღერას ყველა თამაშზე იმღერებენ! ტრადიციად გაიხდიან, ჰიმნივით შეასრულებენ.

გახარებული ვარ, როგორც ყველა. ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ისტორიული მატჩის გმირის, გიორგი მამარდაშვილის ბაბუაა... სიხარულის ცრემლი არ უჩერდება სახეზე...“- ზესტაფონის სკოლის პედაგოგის ემოციური მილოცვა

ხვიჩა კვარაცხელიას მშობლების ემოციები - რა კადრები ვრცელდება