„90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა“ - უცნობი ფაქტები ნიკა კვეკვესკირზე

ნიკა კვეკვესკირი

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ნინო ცხვიტარია წერს. 

„გამარჯვების გოლის ავტორზე, ნიკა კვეკვესკირზე, მინდა ვთქვა რაღაც.
გალიდანაა.

ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.
მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.
90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.  

კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.  

კიდევ მახსოვს, ერთხელ, მარშუტკის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.

მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის“, - წერს ნინო ცხვიტარია.