გია მურღულია რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რუხაძის განცხადებაზე, რომელმაც ქართული ენის ჟღერადობა დაიწუნა: კაცი, რომელმაც ეს იკადრა, ქართველთაგან სახსენებელიც არ არის

გია მურღულია

სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს, - ასე ეხმაურება ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რუხაძის განცხადებას, რომ მას ქართული ენის ჟღერადობა არ მოსწონს.

აღნიშნულზე გიორგი რუხაძემ, გაეროში, საქართველოს პრეზიდენტის ქართულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან მიხეილ ყაველაშვილის ეს ქმედება გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართული ენის ჟღერადობა უცხოელებისთვის შესაძლოა არ იყოს მოსაწონი.

როგორც გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, „კაცი, რომელმაც ეს იკადრა, ქართველთაგან სახსენებელიც არ არის.“

„სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს.

ჩვენ, ქართველებს, ძალიან „მაგრად“ არ გვაღელვებს, როგორ აღიქვამს მის ჟღერადობას რომელიმე ნაკლებად კულტურული უცხოელი ან ადგილობრივი განდგომილი - ქართული ენა ღმერთის საჩუქარია და ნებისმიერი ჩვენიანი მას ისე ეპყრობა, როგორც ამაღლებულ სიკეთესა და სილამაზეს.

გამოხატვის თვალსაზრისით მისთვის არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“.

ის სიყვარულის, ღირსების, თავისუფლების, მშვენიერებისა და სიბრძნის ენაა.

თავს ნურავინ შეიწუხებს ქართული ენის შეურაცხყოფისა და გაქილიკების მცდელობით - წარმავალი ვერასდროს დაამცირებს მარადიულს.

კაცი, რომელმაც ეს იკადრა, ქართველთაგან სახსენებელიც არ არის.

ათასი წლის შემდეგაც ქართველები ქართულად ილაპარაკებენ (სადაც მოუნდებათ, იქ) და იამაყებენ, რომ ღმერთმა მათ ეს ენა არგუნა.

მისი დამამცირებლები კი არავის ემახსოვრება“, - წერს გია მურღულია.