პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდისა" და ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ღმერთი არსებობს! გული მტკივა, უსაშველოდ მტკივა, მაგრამ ზუსტად ვიცი ღმერთი არსებობს, სამოთხე არსებობს იქ არის ჩემი შვილი და კიდევ ბევრი ანგელოზი... დრო მოვა და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით! ნუგეში სულ სხვა რამაა! ნუ ამძიმებთ... უფალი არ მიატოვებს მშობლებს! ამას მე გეუბნებით შვილმკვდარი დედა! ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას."
კონკრეტულად თუ რას ეხება დედა თინათინის პოსტი, "პრაიმტაიმთან" განმარტავს.
თინათინ ჩხვიმიანი: ვიცნობ ნიკოლოზ წულუკიძეს. მთელი საქართველოსთვის უსაყვარლესი, კეთილშობილი ადამიანია. ვინც არ უნდა იყოს, ამხელა ტრაგედიისთვის, მოსისხლე მტერიც არ მემეტება.
მეც გავშეშდი და პირველად, როგორც ყველას, მეც გამიჩნდა გონებაში კითხვა - რატომ? გული მეტკინა და დამეწვა ყველაფერი. მაგრამ მერე იმან, რაც სოციალურ ქსელში ხდებოდა, იმდენად დამამძიმა და გული მატკინა, გამოხმაურება ვცადე.
მნიშვნელოვანია, როგორ ანუგეშებ ადამიანს. თუ სათქმელი არ გაქვს ან ვერ ამბობ, ჯობია გაჩუმდე.
"სად ხარ ღმერთო, ეს რატომ ჩაიდინე, არსებობ თუ არა" და მსგავსი რამის დაწერა და თქმა, არაფრით შეიძლება. მეტკინა და მეწყინა. ნუ მიუსამძიმრებ შვილმკვდარ დედას, როცა არ იცი, ეს რა არის.
ღმერთი არსებობს და სასუფეველი არსებობს. ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთის ნებას.
ღმერთი ასეთ დროს იფარავს მშობლებს. ამ დროს მათ რეალობის აღქმა სხვანაირი აქვთ. გარშემო ადამიანებს კიდევ უფრო სხვანაირი.
ასეთ დროს, ადამიანი ეცდება უფალში იპოვოს ნუგეში. და რომ უწერენ, არ არსებობს ღმერთიო, ეს არ შეიძლება. ჩვენ ვერასდროს მივხვდებით, ამხელა განსაცდელს რატომ გვივლენს უფალი.
მე ერთადერთი შვილი დავკარგე და კიდევ, ონკოლოგიურად დაავადებული 160 ბავშვი დავასაფლავე. აი, ამდენჯერვე მეტკინა და ამდენ ბავშვს ვგლოვობ.
მე ვამბობ, რომ ამ ტკივილს, ღმერთის გარეშე ვერავინ გაუმკლავდება. უფლის მფარველობის ქვეშ არიან. ამ განსაცდელს ეტაპები აქვს. 40 დღე სხვანაირად არიან, წლისთავამდე კიდევ უფრო სხვანაირად. მერე ენატრებათ შვილი. მერე მოდის მინიშნებები. აუცილებლად გრძნობენ გარდაცვლილ შვილებს. ნუგეშს უვლენს უფალი. ჩვენს სახლში მცხოვრები ალექსანდრეს დედა სულ ჭიამაიას ხედავს. ხან სახლში შეუფრინდება, ხან ახლოს იპოვის. და მან იცის, რომ ეს ალექსანდრეა. გრძნობს. ზოგმა იცის, რომ მტრედის სახით ევლინება შვილი. ზოგს სხვა ჩიტის სახით. ჩემთვის იმდენ რამეშია მამა ანდრია... სულ მეხმარება და გვერდში მიდგას.
სასწაული საკუთარი თვალით ვნახე. ჩემს შვილს, მამა ანდრიას არ ეშინოდა გარდაცვალება, ის ლოცულობდა, ღმერთო ჩამიხუტე, გამიყვანეო. ამიტომაც ვიცი, რომ სამოთხე არსებობს და ეს ბავშვები იქ არიან. არც ჩვენ გამოვეკერებით ცას. მთავარია ჩვენც იქ მივიდეთ, სადაც ჩვენი შვილები არიან. უნდა დავიმსახუროთ ის ადგილი. ამიტომ გვჭირდება უფლის რწმენა და წყალობა. ჩვენი შვილების სახელით კი, სიკეთე უნდა ვაკეთოთ.
ამდენად, კიდევ ვიმეორებ, უფლის ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ ჩავწვდებით. ეს არ არის წყევლა, ეს არ არის სასჯელი. როცა გარდავიცლებით, მას შემდეგ აგვეხილება თვალები და მერე მივხვდებით, რა რატომ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში.
ნიკოლოზის ინტერვიუ ვნახე, სადაც ის ახლობლების დაკარგვის შიშზე საუბრობს. ეშინოდა, როგორც ჩანს, მას უფალი ამგვარად ამზადებდა. გრძნობდა და ეშინოდა. მეც მქონდა ამგვარი შიში.
ვიცი, რამხელა ტკივილი უნდა ატარონ მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს ბავშვი პირდაპირ ანგელოზთა დასს შეუერთდა. ოჯახს მფარველი ეყოლება.
ღმერთი გააძლიერებს ნიკოლოზს და მის მეუღლეს.