ღამით გაძლიერებული ქავილი და გამონაყარი - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა მუნის შესახებ

ბღერი

მუნი კანის გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა კოლექტივებში, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

დაავადებას იწვევს მიკროსკოპული ტკიპა, რომელიც კანში იჭრება და ძლიერ ქავილსა და გამონაყარს იწვევს.

მუნის გავრცელების რისკი იქ იზრდება, სადაც ადამიანებს ხშირი და ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება, როგორც წესი, სათანადო მკურნალობას ექვემდებარება, მისი დროული ამოცნობა და ოჯახის წევრების ერთდროული მკურნალობა ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.

როგორ ვრცელდება მუნი?

მუნი უმეტესად ინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი, უშუალო კანით კანთან კონტაქტის შედეგად გადადის. გადაცემის შედარებით იშვიათი გზა ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ტანსაცმლის, პირსახოცის ან თეთრეულის გაზიარებაა.

ბავშვებში ინფიცირების რისკი შეიძლება გაიზარდოს საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სხვა გარემოში, სადაც ბავშვები ხშირად თამაშობენ ერთმანეთთან ახლო კონტაქტში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მუნი არ არის პირადი ჰიგიენის დაუცველობის ნიშანი - მისი განვითარება სისუფთავის დონეზე არ არის დამოკიდებული და დაავადება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს.

რა სიმპტომები ახასიათებს მუნს?

დაავადების ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

ძლიერი ქავილი, რომელიც ხშირად ღამით ძლიერდება

კანზე წვრილი წითელი გამონაყარი ან მუწუკების მსგავსი ელემენტები

თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, იღლიებში, წელისა და დუნდულების მიდამოებში გამონაყარი

ზოგჯერ კანზე წვრილი, დაკლაკნილი ხაზები, რომლებიც ტკიპის კანქვეშ გადაადგილებას უკავშირდება.

ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გამონაყარი შეიძლება თავის, სახის, კისრის, ხელისგულებისა და ტერფების მიდამოებშიც გაჩნდეს. ამიტომ მათ შემთხვევაში მხოლოდ თითებს შორის ან მაჯებზე გამონაყარის ძებნა საკმარისი არ არის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი სიმპტომები კანის სხვა დაავადებებსაც ახასიათებს. მხოლოდ გამონაყარის მიხედვით მუნის დადასტურება შეუძლებელია - საჭიროა ექიმის შეფასება.

როდის ჩნდება პირველი სიმპტომები?

პირველადი ინფიცირების შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენას, როგორც წესი, დაახლოებით 3–6 კვირა სჭირდება. განმეორებითი ინფიცირებისას კი ქავილი და გამონაყარი შესაძლოა გაცილებით სწრაფად, ზოგჯერ 1–4 დღეში განვითარდეს.

ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მუნი შეიძლება ჰქონდეს მაშინაც, როდესაც ჯერ არაფერი აწუხებს. ამ პერიოდში დაავადების სხვებისთვის გადაცემაც შესაძლებელია.

როგორ დავიცვათ ბავშვები?

მუნის გავრცელების რისკის შესამცირებლად სპეციალისტები რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გამოყოფენ:

მოერიდეთ ინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივ, უშუალო კანით კანთან კონტაქტს მკურნალობის დაწყებამდე.

ნუ გააზიარებთ ტანსაცმელს, პირსახოცებსა და თეთრეულს.

გარეცხეთ ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ტანსაცმელი, პირსახოცები და თეთრეული ცხელი წყლით, სასურველია 60°C-ზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე, თუ ქსოვილი ამის საშუალებას იძლევა.

ნივთები, რომელთა გარეცხვაც შეუძლებელია, მოათავსეთ ჰერმეტულად დახურულ პარკში სულ მცირე 72 საათით.

თუ ბავშვს აქვს ღამით გაძლიერებული ქავილი ან საეჭვო გამონაყარი, მიმართეთ პედიატრს ან დერმატოლოგს.

როგორ მკურნალობენ მუნს?

მუნის სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური საშუალებები, რომლებიც ტკიპას ანადგურებს. კონკრეტულ პრეპარატს, გამოყენების წესსა და განმეორებითი მკურნალობის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს.

თუ მუნი ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, ხშირად საჭიროა მასთან ახლო კონტაქტში მყოფი ოჯახის წევრების ერთდროული მკურნალობაც - მაშინაც კი, თუ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ხელახალი ინფიცირების რისკი.

მკურნალობის შემდეგ ქავილი შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. თუმცა თუ ახალი გამონაყარი ჩნდება, სიმპტომები ძლიერდება ან კანზე ჩირქოვანი დაზიანებები ვითარდება, საჭიროა ექიმთან ხელახალი კონსულტაცია.

მშობლებისთვის მთავარი რეკომენდაციაა:

საეჭვო გამონაყარის შემთხვევაში ნუ დაიწყებთ ბავშვის თვითნებურ მკურნალობას. განსაკუთრებით ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატი ექიმმა უნდა შეარჩიოს. დროული დიაგნოსტიკა, სწორად ჩატარებული მკურნალობა და ახლო კონტაქტების გათვალისწინება მუნის გავრცელების შეჩერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

✕