გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა - როგორ ხსნის ეკლესია ამ მოვლენას

მოჩვენება

არც თუ იშვიათად გაიგონებთ მონათხრობს გარდაცვლილი ადამიანის გამოცხადების შესახებ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და როგორ ხსნის ეკლესია გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობას. სტატია ამ თემაზე „საპატრიარქო უწყებებში“ გამოქვეყნდა. 

წმინდა წერილის თანახმად, ღვთაებრივი გამოცხადება არ უარყოფს იმას, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა გამოცხადება ცოცხალთათვის. წმიდა წერილიდან ჩანს, რომ იუდეველებს ეჭვი არ ეპარებოდათ გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობაში.

იესო ქრისტე საუბრობდა მასზე, როგორც უეჭველზე, და არასოდეს ამბობდა რაიმე ისეთს, საიდანაც შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ იგი არ იწონებდა ან განსჯიდა ამ რწმენას. მოციქულებს ეჭვი არ ეპარებოდათ სულთა გამოცხადების შესაძლებლობასა და სიმართლეში: როდესაც მათ მაცხოვარი დაინახეს, რომელიც გენესარეთის ტბაზე ფეხით მოდიოდა მათკენ, თავიდან იფიქრეს, რომ სულს ხედავდნენ (მათე 14, 26).

სახარებისეული მდიდარი, რომელიც ჯოჯოხეთის ტანჯვაში იყო, აბრაამს სთხოვდა, მიწაზე ლაზარე მისი ძმების გასაფრთხილებლად გაეგზავნა, რათა დაეცვა იმავე საშინელ მდგომარეობაში მოხვედრის საფრთხისაგან, რომელშიც თვითონ იმყოფებოდა. მაშასადამე, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გარდაცვლილთა სულებს ღვთის ნებით შეუძლიათ დაბრუნდნენ სამყაროში და ადამიანებს გამოეცხადონ. თაბორის მთაზე იესო ქრისტეს ფერისცვალების დროს გამოცხადდნენ მოსე და ილია,

მანამდე დიდი ხნის გადასულნი იმქვეყნიურ სამყაროში, და ესაუბრებოდნენ ქრისტეს (მათე 17, 3). მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მრავალი გარდაცვლილი აღდგა და იერუსალიმში ხალხს გამოეცხადა (მათე 27, 52-53).

წმიდა მამათა სწავლებით

ნეტარი ავგუსტინე საუბრობს გარდაცვლილთა გამოცხადების შესახებ და, ამასთან ერთად, აღიარებს, რომ ძალიან ძნელია მოუნახო განმარტება ჩვენს სულში, როგორც ფხიზელ, ისე ძილის მდგომარეობაში მომხდარ მრავალ რამეს. მაგრამ იგივე ავგუსტინე აღიარებს, რომ ხშირად გარდაცვლილნი ეცხადებოდნენ ცოცხალ ადამიანებს, უჩვენებდნენ მათ ადგილებს, სადაც მიწას იყო მიბარებული მათი სხეულები შესაფერისი დაკრძალვის გარეშე და მათგან შესაბამის დაკრძალვას ითხოვდნენ. ამასთან ერთად, იგი აღნიშნავს, რომ ხშირად ტაძრებში, სადაც მიცვალებულები იყვნენ დაკრძალულნი, ისმოდა ხმაური და გალობა, და ხშირად ხედავდნენ, როგორ შედიოდნენ გარდაცვლილნი სახლში, რომელშიც ისინი მიწაზე ყოფნისას ცხოვრობდნენ (ნეტარი ავგუსტინე თავი 10).

წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვრები არ ეჭვობდნენ გარდაცვლილთა გამოცხადებას და არა მარტო ამტკიცებდნენ ამ ჭეშმარიტებას, არამედ თვითონაც, ასე ვთქვათ, ემორჩილებოდნენ მას, ასრულებდნენ იმას, რასაც მათგან გარდაცვალებულნი ითხოვდნენ.

 

სულის მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ

გარდაცვლილ ადამიანთა სულები, ღვთის ნებით, სიკვდილის შემდეგაც არ წყვეტენ ურთიერთობას ცოცხალ ადამიანებთან. ჩნდება კითხვა: ყველა გარდაცვლილი ადამიანის სული ერთსა და იმავე ადგილას და ერთნაირ მდგომარეობაშია? წმიდა წერილის თანახმად, სული სხეულთან გაყრისთანავე წარსდგება სამსჯავროს წინაშე, რომელიც, საყოველთაო და საბოლოო სამსჯავროსაგან განსხვავებით კერძოა, რამდენადაც აღესრულება არა საზეიმოდ, მთელი სამყაროს წინაშე და მიზნად აქვს სულის განწესება სამარადისოდ, უკანასკნელ სამსჯავროზე, არამედ მხოლოდ დროებით, საყოველთაო

აღდგომამდე მიეჩინებინა ადგილსამყოფელი.

წყარო:

https://www.orthodoxy.ge/tserilebi/gardatsvlilta_gamotskhadeba.htm