„გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს იწურება...“ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

მოსახლეობა ცვლილებები

საქართველოში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში იყვნენ რეგისტრირებულები, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს ეწურებათ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დამსაქმებლებსა და უცხოელ დასაქმებულებს მოუწოდებს, შესაბამისი პროცედურები დროულად დაიწყონ, რათა თავიდან აიცილონ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები.

„2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი, საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები.

კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს იწურება, ვინაიდან შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა 30 კალენდარულ დღეს მოიცავს, რეკომენდებულია პროცესის დროულად დაწყება, შესაბამისი დოკუმენტაციის წინასწარ მომზადება და LABOURMIGRATION.MOH.GOV.GE ატვირთვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, როგორც კომპანიისთვის, ისე უცხოელი დასაქმებულისთვის.

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ხოლო IT სფეროში დასაქმებულებისთვის - 3 წლამდე ვადით.

ნებართვის მიღების სტანდარტული, 30-დღიანი მომსახურების საფასური 200 ლარია, დაჩქარებული, 10-დღიანი მომსახურების შემთხვევაში კი 400 ლარი.

ნუ გადადებთ პროცედურებს ბოლო ვადამდე - დაიწყეთ მზადება დროულად!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕