„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
ორი დღის წინ, 87 წლის ასაკში დიდი ქართველი მწერალი, კლასიკოსების მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა. გასტონ ბუაჩიძე მამით ქართველი იყო, დედით – ფრანგი. პირველად, 29 წლის ასაკში, ფრანგ ბებიას და დედის ნათესავებს შეხვდა.
ვაჟა, ილია, გალაკტიონი... ეს იმ კლასიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა, გასტონ ბუაჩიძემ ფრანგულად თარგმნა. ქართველი მეცნიერი, სორბონას უნივერსიტეტის დოქტორი და ნანტის უნივერსიტეტის პროფესორი, სამენოვანი მწერალი გასტონ ბუაჩიძე, 1935 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 30 წელზე მეტი, ოჯახთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ნანტში ცხოვრობდა და პროფესიულ მოღვაწეობას ეწეოდა.
"პრაიმტაიმს" ჰქონდა პატივი, ჯერ კიდევ 12 წლის წინ, ინტერვიუ ჩაეწერა - ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო.
„მამა ინჟინერი იყო და ამის გამო ხშირად უწევდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. 10 წელი საფრანგეთში მოუწია ცხოვრებამ, ელექტროხაზი გაჰყავდა საფრანგეთიდან ერთ-ერთ ქალაქში. იქ ყოფნის პერიოდში გაიცნო დედაჩემი.
იქორწინეს თუ არა, საქართველოში ჩამოვიდნენ. მამა უკრაინაში რომ გამოიძახეს სამუშაოდ, ლვოვში დავსახლდით. სკოლა იქ დავამთავრე და პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი.მაშინ 23 წლის ვიყავი, სვეტლანა – 21-ის. წარმატებით დავამთავრე უნივერსიტეტი და თბილისში ჩამოვედით საცხოვრებლად“. - ამბობს გასტონ ბუაჩიძე.
ლვოვიდან დაბრუნებული გასტონი პროფესიულ კარიერას თბილისში იწყებს და უნივერსიტეტში ფრანგულ ლიტერატურას ასწავლის, სვეტლანა კი – რუსული ენასა და ლიტერატურას ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მომავალ ბალერინებსა და ბალერონებს.
„1959 წელს გავიცანით ერთმანეთი. ერთ წელში ვიქორწინეთ და თბილიში ჩამოვედით. შეგვეძინა ორი შვილი, ანა და ანდრია. ჩვენს შვილებს სამენოვანი სახელი სპეციალურად დავარქვით. დედაჩემი ანას, ფრანგულად ანეტას ეძახდა, ანდრიას კი – ანდრეს. სახლში ყოველთვის სამ ენაზე ვსაუბრობდით. ანასა და ანდრიას ბავშვობიდან ფრანგულად, რუსულად და ქართულად ველაპარაკებოდით. ორივე ქართულ სკოლაში შევიყვანეთ და ბავშვები ერთმანეთს ყოველთვის ქართულად ელაპარაკებოდნენ“. ამბობს - სვეტლანა საბუცკაია, გასტონის მეუღლე.
ქართულ-ფრანგულ-უკრაინული ოჯახი საფრანგეთში პირველად 30 წლის შემდეგ ჩადის. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა ვერსად გახვიდოდი. რამდენჯერმე ვითხოვე გასვლაზე ნებართვა, მაგრამ ყოველთვის უარს ვიღებდიო, ამბობს გასტონი.
1991 წელს პირველად ჩადის პარიზში და დასაბეჭდად გამზადებულ ვეფხისტყაოსანს, ერთდროულად რამდენიმე საგამომცემლო სახლს უგზავნის. წიგნის ბეჭდვაზე თანხმობას, „აღმოსავლური ლიტერატურის გამომცემლობის“ სახლიდან მალევე იღებს და საფრანგეთში პირველ წიგნს უშვებს. შემდეგი წიგნებიც ამ საგამომცემლო სახლის დახმარებით იბეჭდება.
სვეტლანა საბუცკაია: „ჩვენი შვილებიც საფრანგეთში, ნანტში ცხოვრობენ. ანა 47 წლის არის, ქართული კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტია. ქართველი მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს. ანდრია პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტია. 36 წლისაა, დაოჯახებას ახლა აპირებს. ბავშვობაში უკრაინაში ზაფხულობით დედაჩემთან და ჩემს დებთან ყოველ წელს ჩამყავდა. ისინი ყოველთვის ქართველებად მიიჩნევდნენ თავს. ორივემ ქართული სკოლა დაამთავრა.“
– ბატონო გასტონ, თქვენ რომელ ენაზე აზროვნებთ?
– იმ ენაზე, რომელზეც ვწერ. საერთოდ, სამ ენაზე ვაზროვნებ. ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ასეა. ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, ქართულად ვაზროვნებ. ჩემს მეუღლესთან რუსულად ვაზროვნებ და საფრანგეთში – ფრანგულად...
– ეს ძნელი არ არის?
– რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამანი ხარო, ნათქვამია...
– ახლა დიუმას ცენტრის მოწვევით ჩამოვედი თბილისში, წიგნი უნდა წარვადგინო. საფრანგეთში ახლახან გამოვეცი წიგნი „ფეხდაფეხ“, რომელშიც დიუმასა და ჟიდის მოგზაურობაა აღწერილი. ამ ცენტრმა უკვე მესამედ მომიწვია. შარშან უნივერსიტეტის მოწვევით ლექციები წავიკითხე. რაც საფრანგეთში ვცხოვრობთ, უკვე მეხუთედ ჩამოვდივართ საქართველოში. საფრანგეთი ჩემი დედულეთია, საქართველო – მამული. ძირითადად შემოდგომის პერიოდში გვიწევს ჩამოსვლა. ამის მიზეზი ჩემი მოუცლელობაა. მთელი წელი დაკავებული ვარ სწავლებით. მართალია, უნივერსიტეტში დავამთავრე მუშაობა და ახლახან გავედი პენსიაში, მაგრამ „ბრეტანის“ ლიტერატურული აკადემიის კომისიის წევრიც ვარ.
– სად აპირებთ სიბერის გატარებას?
– როდესაც ერთ ჩვენს აკადემიკოს მეგობარს 80 წლის იუბილე მივულოცეთ, სამადლობელ სადღეგრძელოში ასეთი რამ თქვა: - ძნელად წარმომიდგენია, რომ რაღაც დრო დადგება და მე დავიწყებ დაბერებას. ჯერ ნუ ვიფიქრებთ სიბერეზე, სჯობს იქამდე მივაღწიოთ...
„ახლახან დავწერე წიგნი – „სუფრა მბრძანებელი“, რომელშიც ზღაპარივით არის მოთხრობილი ქართული სამაგიდო სუფრის ფილოსოფია, ფსიქოლოგია და რიტუალები. ჯერ არ გამომიქვეყნებია და იმედია, მალე ნახავს დღის სინათლეს. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ქართულ და ფრანგულ ენებზე უნდა დაიბეჭდოს. ქართულ სამზარეულოს ჩვენი ფრანგი მეგობრებიც კარგად იცნობენ. იციან ხაჭაპური, ხინკალი, რომელსაც ჩვენი ქალიშვილი კარგად ამზადებს.
საფრანგეთში ჩვენი სუფრა ყოველთვის მრავალფეროვანია. ქართულ კერძებთან ერთად, პოლონური, უკრაინული და ფრანგული კერძებია. ისევე აღვნიშნავთ კათოლიკურ დღესასწაულებს, როგორც მართლმადიდებლურს. ჩემი დედამთილი კათოლიკე იყო და ჩვენ ორ ახალ წელსა და ორ აღდგომას აღვნიშნავთ. ვსვამთ საქართველოსა და ახლობლების სადღეგრძელოს, ვიხსენებთ მათაც, ვინც დაგვტოვეს და ჩვენთან აღარ არიან“.- ამბობს სვეტლანა.
„ყველაზე მეტად ვეფხისტყაოსანზე მუშაობამ მომანიჭა სიამოვნება. ამ წიგნის თარგმნას 14 წელი მოვანდომე და სხვა თარგმანებისგან განსხვავებით, ეს წიგნი, სრული რიტმის შენარჩუნებით ვთარგმნე. როდესაც წიგნს ერთი ენიდან მეორეზე თარგმნი, ის სულ სხვა სიცოცხლეს იძენს.
„ფიროსმანი, ანუ ირმის განავარდება“ – ამ წიგნში ქართული ფერწერის ნაამბობია მოთხრობილი. დიდი დანაკლისია, რომ ამ წიგნის ქართული ვარიანტი არ არსებობს. როდესაც წიგნზე ვმუშაობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ნიკალა მეხმარებოდა მისი სურათების აღქმაში. ამ წიგნში მთავარი გმირი ფუნჯია, რომელიც ყვება ყველაფერს. მინდა გავაერთიანო სამი მხატვარი – ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე, რომელსაც „ქართული ფერწერის რომანს“ დავარქმევ“.
გასტონ ბუაჩიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.