გარდაიცვალა დღესასწაულზე, რომელიც ძალიან უყვარდა - 17 წლის ბერი ანდრიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

andria

28 ივლისი წმინდა მოწამეთა - კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღეა. წმინდანების მისამართით განსაკუთრებით მაშინ ლოცულობენ, როცა ბავშვების ჯანმრთელობას შესთხოვენ. წმინდან დედა-შვილს ოჯახურ ბედნიერებასაც ავედრებენ.

ეს დღე განსაკუთრებულად უყვარდა ბერ ანდრიას, რომელიც იშვიათი სენით იტანჯებოდა და სწორედ ამ დღეს, 28 ივლისს, 17 წლის ასაკში აღესრულა. ბერის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა.

ბერი ანდრიას, საერო ცხოვრებაში ნუგზარ მილორავას დედა, თინათინ ჩხვიმიანი “პრაიმტაიმს” უყვება, თუ როგორ უყვარდა მის ერთადერთ შვილს ეს დღესასწაული და როგორ ტრადიციად ჰქონდა ოჯახს კვირიკობას სვანეთში, სოფელ კალას კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოლოცვა.

სამი წლის იყო, მშობლებმა პირველად რომ აიყვანეს ამ ტაძარში და როგორც დედა თინათინი იხსენებს, ბერს, რომელმაც მოგვიანებით ბავშვობის მოგონებები ჩანახატებად აქცია, კარგად ახსოვდა კვიროკობას მიღებული პირველი შთაბეჭდილება.

"ჩემი ყრმობის ყველაზე ნათელი მოგონება იყო კვირიკობა სვანეთში…
მე და ჩემი ოჯახი წმინდა კვირიკეს ეკლესიაში მივდიოდით… ბილიკს მაღლა, მაღლა და მაღლა ავყავდით…
ჯვარი მიგვანიშნებდა იმას, რომ გზის პირას მდგარ კლდის თავზე იდგა კვირიკეს ეკლესია.
ახლაც თვალწინ მიდგას ის წუთები, როცა ჯვართან ვიდექი, როდესაც სანთლები ციალებდნენ და იღვენთებოდნენ, ახლაც მახსოვს ის დამატყვევებელი სურნელი, რომელიც ჰაერში იფრქვეოდა.
ჩემი მოგონება, ალბათ ღვთის ნება იყო, რადგანაც ის წუთები წმინდათაწმიდა გახლდათ” – წერდა ბერი ანდრია.

დედა თინათინ ჩხვიმიანი: – ძალიან მაღლა უნდა ახვიდე, შორსაა სვანეთში ეს ტაძარი, სადაც კვირიკობას მიდის მომლოცველი. ბერი ანდრია იქ სამი წლის ასაკში მყავდა პირველად აყვანილი. მოგვიანებით თავის წიგნში გაიხსენა ის ემოცია, რაც მაშინ დაეუფლა. მეგონა, ჩემი მონაყოლის მიხედვით დაწერა სვანეთის ამ შთამბეჭდავი დღესასწაულის შესახებ-მეთქი. მაგრამ მიპასუხა, დედა, ყველაფერი მახსოვს, სად გავჩერდით და სანთლები როგორ დავანთეთო. ისეთი დეტალები მომიყვა, რაც მეც არ მახსოვდა. ასე მძაფრად ჩაუჯდა გონებაში სამი წლის ასაკში ნანახი და 11 წლის ასაკში დაწერა, 17 წლის ასაკში კი სწორედ ამ დღეს, 28 ივლისს გარდაიცვალა.

უკვე თერთმეტი წელია დედა თინათინი ამ დღეს მარტყოფის მამათა მონასტერში მიდის, სადაც მისი შვილის, 17 წლის ბერის სამუდამო განსასვენებელია.