გამოწვევების მოსაგვარებლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  კერძო სექტორთან თანამშრომლობას აგრძელებს

ტურიზმი

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს, 4 ათასზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება.  ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მოგზაურებს საშუალება აქვთ  ადმინისტრაციას 24 საათიან რეჟიმში, ცხელ ხაზზე

0 800 800 909 დაუკავშირდნენ. ცხელ ხაზთან ერთად მუშაობს საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა  feedback@georgia.travel და programs.gov.ge-ს ონლაინ ჩათი.

ტურიზმის სფეროში გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების, გიდების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან 9 შეხვედრა გამართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებთან  ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების გეგმები, პროფილურ ბიზნესთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკა განიხილეს.  შეხვედრების პარალელურად ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისათვის ახლად გახსნილ ტურისტულ ობიექტებზე  საინფორმაციო ტურები მოეწყო.

მომავალ წელს  საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია პლატფორმის places.georgia.travel  ამუშავება, საქართველოს მასშტაბით  საინფორმაციო ცენტრების მანიშნებლებისა და ექსტერიერის,  ასევე საქართველოს ტურისტული პროდუქტების ბეჭდური საპრომოციო მასალის განახლება.