VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დღეისათვის საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებში ფართოდ გამოიყენება სინთეზური საღებავები.
კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი სინთეზურ საკვებ საღებავებსა და ბავშვებში ჰიპერაქტიურობას შორის. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბავშვი, უფრო მგრძნობიარეა საღებავების მიმართ, ვიდრე სხვები. ამის მიუხედავად, ამერიკის სურსათისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტო (FDA) და ევროპის საკვების უსაფრთხოების ასოციაცია (EFSA) აცხადებს, რომ ამჟამად არ არის საკმარისი მტკიცებულება, იმისათვის, რომ ხელოვნური საკვები საღებავები სახიფათოა.
დღეისათვის ამ სააგენტოების მათ მიერ ნებადართულია ექვსი ხელოვნური საღებავის გამოყენება საკვებში:
• Red No. 3 (Erythrosine): ალუბლის-წითელი ფერის სარბავი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ტკბილეულის და ნამცხვრის დეკორაციის გელებში;
• Red No. 40 (Allura Red): მუქი წითელი საღებავი, რომელიც გამოიყენება სპორტულ სასმელებში, კანფეტებში, სანელებლებსა და მარცვლეულებში;
• Yellow No. 5 (Tartrazine): ლიმონისფერი ყვითელი საღებავი, რომელიც გვხვდება ტკბილეულში, გამაგრილებელ სასმელებში, ჩიფსებში, პოპკორნში და მარცვლეულებში;
• Yellow No. 6 (Sunset Yellow): ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი, რომელიც გამოიყენება ტკბილეულის, სოუსების, ცომეულისა და დაკონსერვებული ხილის წარმოებაში;
• Blue No. 1 (Brilliant Blue): მომწვანო-ლურჯი საღებავი, რომელიც გამოიყენება ნაყინის, დაკონსერვებული ბარდაში, შეფუთულ სუპებში, პოპსიკებსა და ნაყინებში.
• Blue No. 2 (Indigo Carmine): სამეფო ლურჯი საღებავი, რომელიც გვხვდება ტკბილეულში, ნაყინში, მარცვლეულსა და საჭმელში.
ცხოველებზე (ვირთაგვებზე) ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია ამ ნებადართული საღებავებით დამზადებული საკვების მიღების
შედეგები:
• სამეფო ლურჯი საღებავი- მაღალი დოზების მქონე ჯგუფში ტვინის სიმსივნეების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით;
• წითელი 40, ყვითელი 5 და ყვითელი 6 - შეიძლება შეიცავდეს დამაბინძურებლებს:ბენზიდინი, 4-ამინობიფენილი და 4-ამინოაზობენზოლი, რომლებიც არის პოტენციური კანცეროგენები.
• ყვითელი 5 - ასევე ცნობილი როგორც ტარტრაზინი - იწვევს ჭინჭრის ციებას და ასთმის სიმპტომებს
• ლურჯი 1, წითელი 40, ყვითელი 5 და ყვითელი 6 - ალერგიული რეაქციები მგრძნობიარე პირებში.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო საკვების მწარმოებლების წახალისება, ეპოვათ ალტერნატიული ნივთიერებები საკვების შესაღებად. 2010 წლიდან დიდ ბრიტანეთში ნებისმიერი საკვების ეტიკეტზე არის გაფრთხილება ხელოვნურისაკვები საღებავების შემცველობაზე.
ჩაის ექსტრაქტის კონცენტრირებული ფორმები შეიცავს იმავე ნივთიერებებს, და შესაბამისად არომატებს, რასაც ახალი ჩაის ფოთოლი. ესაა ჩაის ფოთლის ხსნადი კომპონენტები, ძირითადად კოფეინი, პოლიფენოლები, კატექინები და ანტიოქსიდანტები. ჩაის პოლიფენოლები ცნობილია მათი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ისინი ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან.ჩაის პოლიფენოლები ახდენენ სისხლის წნევის და ქოლესტერინის დონის შემცირებას; მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას; იმუნური სისტემის სტიმულაციას ინფექციებისგან დასაცავად.
ჩაის ექსტრაქტები გამოიყენება კვების ინდუსტრიაში ცივი ჩაის, “ბობა ჩაის (Bubble tea)”სასმელებში და ასევე სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში მათი ბიოლოგიურად აქტიური, ანტიოქსიდანტური ნაერთებით გამდიდრების მიზნით.
დღეისათვის ზოგიერთი კომპანია (Nestlé,"Nestlé Health Science", Ito En და Nestlé Japan), თავის ასორტიმენტში, როგორიცაა საკვები დანამატები და სასმელები, იყენებს ჩაის პოლიფენოლებს მათი ანტიოქსიდანტური, ასევე მათი ბუნებრივი მღებავი თვისებების გამო.
ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებულია ორიგინალური ტექნოლოგიები ჩაის ექსტრაქტების კონცენტრირებული მდგრადი ფორმების მისაღებად, რომლებიც ხასიათდება ღებვითი უნარით. აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმზე წარმოადგინა ინფორმაცია (მოხსენება) ჩაის ფოთლიდან ჩალისფერი და ყავისფერი შეფერილობის მღებავი ნატურალური კონცენტრატების მიღების შესახებ.ტექნოლოგიები ითვალისწინებს ფოთლის დამუშავების პროცესში ლიმიტირებულ დროში ტემპერატურისა და წნევის იმგვარ კონტროლს, რომ უზრუნველყოფილ იქნას კონცენტრატიდან ისეთი ფრაქციების (მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პოლიმერები, როგორიცაა ცილები და პოლისაქარიდები, ასევე ლიგნინი) მოშორებას, რაც მათი გამოყენებისას გამაგრილებელ სასმელებში ნალექის წარმოქმნას განაპირობებს და ამავე დროს უზრუნველყოფს სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას.
ჩაის მღებავი ნატურალური კონცენტრატების გამოყენებით მიღწეულია ლიმონათების და სხვა გამაგრილებელი სასმელების შეფერვა, რაც არ იწვევს პროდუქტის შემღვრევას, და ამავე დროს ამდიდრებს მათ ჯანმრთელობისათვის სასარგებელო ნივთიერებებით.
ასეთი ნატურალური ჩაის კონცენტრატების გამოყენება გამაგრილებელი სასმელებში ორმაგად სასარგებლოა, რაც გამოიხატება სასმელის ჯანმრთელობისათვის სარგებელსა და ბუნებრივ შეფერილობაში (სინთეზური საღებავების გამოყენების გარეშე).
დღევანდელი მომხმარებელი უფრო გამჭრიახი და მომთხოვნია ვიდრე ოდესმე. ჯანსაღ, ბუნებრივ, ქიმიკატებისაგან თავისუფალ პროდუქტზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ჩაის ექსტრაქტების შემცველი სასმელები ხელს უწყობს ჯანსაღი, მდგრადი და დიფერენცირებული ბუნებრივი სასმელების გაძლიერებას, რასაც გლობალური მომხმარებლები სულ უფრო მეტად ეძებენ.