გაძვირდება თუ არა ზეთი - 1-ლი აგვისტოდან რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი 127 დოლარით იზრდება

ზეთი

1-ლი აგვისტოდან, რუსულ ზეთზე, საექსპორტო გადასახადი 127 დოლარით იზრდება. როგორ აისახება ქართულ ბაზარზე გაზრდილი საექსპორტო გადასახადი და გაძვირდება თუ არა ზეთის ფასი.

1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.

მზესუმზირის ზეთზე აგვისტოს საბაჟო განაკვეთი ტონაზე 1873,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში ტონაზე 8615,9 რუბლის (148 დოლარის) ოდენობის გადასახადი მოქმედებდა, რომლის ღირებულებაც 1800,2 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო გამოთვლილი.

რაც შეეხება შროტს, აგვისტოს საექსპორტო გადასახადი ტონაზე 304,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში მისი ოდენობა ტონაზე 1819,1 რუბლს (31,5 დოლარს) შეადგენდა, რაც 312,8 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო დადგენილი.

რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ივლისიდან საექსპორტო გადასახადები რუბლებით გამოითვლება, რომელიც ბოლო ხუთ სამუშაო დღეში რუსეთის ბანკის მიერ დადგენილი რუბლის მიმართ დოლარის საშუალო არითმეტიკული კურსით გამოითვლება

ზეთის იმპორტიორი კომპანია "ოლეინას" წარმომადგენელი დიმიტრი რამიშვილი "რუსთავი 2-თან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, ზეთის ფასმა არ მოიმატოს. იმპორტიორი ასევე აცხადებს, რომ პროდუქციის დეფიციტი მოსალოდნელი, ჯერჯერობით, არ არის.

რამდენით გაძვირდა ზეთი ბოლო პერიოდში

„ბოლო სამ თვეში ზეთი სტაბილურ ფასზეა და არ გაძვირებულა, პირიქით, ამ ეტაპზე კლების ტენდენცია შეინიშნება“,  აღნიშნა რამიშვილმა.

რუსეთის გარდა, საიდან ხდება შემოტანა და იპოვეთ თუ არა ალტერნატიული ბაზრები?

„სამწუხაროდ ალტერნატიული ბაზრები რთული მოსაპოვებელია, მითუმეტეს, როდესაც კონკურენტუნარიანი ხაზი არცერთ ბაზარს არ შემოუთავაზებია. რუსული ბაზრის ჩანაცვლება ნამდვილად აისახება ფასებზე გაძვირების კუთხით. ამ ეტაპზე რუსული წარმოების ზეთს კონკურენტუნარიანი ალტერნატივა არ გააჩნია სამწუხაროდ“, - აღნიშნა დიმიტრი რამიშვილმა.

კითხვაზე, 1-ლი აგვისტოდან, საბაჟო გადასახადის მომატება რამდენი პროცენტით გაზრდის ფასს ზეთზე? - იმპორტიორი აცხადებს, რომ გადასახადის ზრდა, არ ნიშნავს პროპორციულად ზეთზე ფასის მატებას.

„კომპონენტები ოდნავ შეიცვალა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ეს რა კურსი იქნება რუსულ რუბლზე და დოლარს შორის. დანარჩენი კომპონენტები ინდიკატიური ფასი, საშუალო საბაზრო გამოყვანილი ფასი ეს ყველაფერი შეიცვალა, გადაიყვანეს რუბლებზე და გაყინეს. ამიტომ ეს გაყინული რუბლებიგადაჰყავთ დოლარში მაშინ და იმ დღეს, როდესაც უშუალოდ კონტრაქტი ფორმდება.

მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი გაიზრდება, შესაძლოა, ზეთის ფასი საერთოდ არ გაიზარდოს. ამ ეტაპზე იმის თქმა, რამდენი პროცენტით გაიზრდება ზეთის ფასი, ძალიან რთულია. ვიმეორებ, ცოტა რთული პროგნოზირებადია ეს ყველაფერი. მე იმედს ვიტოვებ, რომ არათუ გაიზრდება, არამედ კლების ტენდენციაც კი შევნიშნოთ.

რაც შეეხება დეფიციტს, არ მგონია, რომ დეფიციტი შეიქმნას პროდუქტზე, ამ ეტაპზე, ამის არანაირი საფუძვლიანი მოლოდინი არ არსებობს,"- აცხადებს რამიშვილი.