1732386875
სახის შენარჩუნებისთვის გზების ძიება - „ქართულ ოცნებაში" „ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ჯგუფებში შესაძლო ჩართულობის გადაწყვეტილებას აფასებენ
სახის შენარჩუნებისთვის გზების ძიება , - ასე ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" ნაციონალური მოძრაობის სამუშაო ჯგუფებში შესაძლო ჩართულობის გადაწყვეტილებას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მათთან ერთად არ მუშაობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობა მათ გეგმებში არ შედის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამუშაო პროცესში ჩასართავად რაღაც უცნაური ფორმების გამოგონება საჭირო არ არის.
„ახლა ეძებენ სახის შენარჩუნებით როგორ ჩაერთონ ამ პროცესში და მონახონ გზები, როგორ აღმოჩნდნენ ამ შემთხვევაში ამ თამაშის მონაწილეებად, არ სჭირდება ამას რაღაც უცნაური ფორმების გამოგონება, ჩაერთონ მუშაობაში, რა ფორმითაც მათ უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ. ფორმატი, რომელიც შეთავაზებულია პარლამენტის შიგნით, დავანებოთ თავი ინიციატორი ხელისუფლებაა თუ სხვა არის, იმაში რომ მონაწილეობას არ იღებენ, ეს ჩემი აზრით გაუმართლებელია", - თქვა სარჯველაძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხოლოდ საბაბია, მათი რეალური გეგმა კი რევოლუციის მოწყობაა.
„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზა არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი, საფარველი, სატყუარა, ლამაზი ლოზუნგი, რომელსაც არიან ამოფარებული და რეალური გეგმა მათი არის შემდეგი - რომ, რამენაირად რევოლუცია უნდა მოხდეს საქართველოში. სტატუსის არ მონიჭებაც იყო გამოყენებული სწორედ ამიტომ, რომ რევოლუციური სცენარი გაეთამაშებინათ," - თქვა ქადაგიშვილმა.