„გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯი და, შესაძლებლობის მიხედვით, დავწიეთ მარჟა თითქმის მინიმალურამდე“ - "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელი კვერცხის ფასზე

ზურაბ უჩუმბეგაშვილი

 პრემიერის ინიციატივით, კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ორშაბათიდან კვერცხის ფასი შემცირდება. მწარმოებელთა განცხადებით, პროდუქტზე ღირებულება 5%-ით შემცირდება. გავრცელდა მწარმოებლების ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ ისინი ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს ამცირებენ.

"გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯი... შესაძლებლობის მიხედვით, დავწიეთ მარჟა თითქმის მინიმალურამდე და სადღაც 5%-ით შევძლებთ, ორშაბათიდან, გავაიაფოთ ფასი. ბევრი კომპონენტი, რაც გამოიყენება ჩვენთან მეფრინველეობაში და განსაზღვრავს, საბოლოო ჯამში, თვითღირებულებას კვერცხისას და ქათმისას, შეიძლება ისეთნაირად შეიცვალოს, ან გადასახადი დააწესონ, ან რაღაც კვოტები, რომ ფასი ამოძრავდეს ზევით. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ლარის კურსიც მყარია და იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. ამ ეტაპზე, რაღაც ისეთი განსაკუთრებული რყევებისა და ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს. განუსაზღვრელად არა, მაგრამ კარგა ხანს შენარჩუნდება", - აცხადებს "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.