საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა - მხარეებმა უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მოწმე, რომლის გამოკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი

პროცესი

საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა.

მხარეებმა უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მოწმე, რომლის გამოკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი.

ასევე, გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები. რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

"იკითხებიან აუდიტორები, რომლებმაც დაადგინეს, რომ რომეო მიქაუტაძე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ასევე, დაიკითხა მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ რომეო მიქაუტაძის თხოვნის საფუძველზე, ფორმალურად, თვის სახელზე გადაიფორმა უძრავი ქონება და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული, დაახლოებით 600 000 ევრო, რეალურად რომეო მიქაუტაძისთვის არ გადაუხდია. აღნიშნულით, ბრალდებულს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ჰქონდა ლეგალური შემოსავალი მადრიდში საცხოვრებლის შესაძენად. საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს წინაპირობები, ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული, უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და უნდა მოგვმართოს განცხადებით", - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.