ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

აფეთქება ფონიჭალაში

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კვლავ რთულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საყურადღებოა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

11 და 3 წლის არასრულწლოვნები კი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობენ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. დინამიკაში გაუმჯობესებული პარამეტრების მიუხედავად, ექიმები უწყვეტ მონიტორინგსა და საჭირო მკურნალობას განაგრძობენ.

„პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ ეტაპზე ვახერხებთ. მას სხეულის 83% აქვს დაზიანებული. მდგომარეობა და დიაგნოზი რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

✕