Exclusive: "ვფიქრობდი, რომ ფეხზე დავაყენებდი, მის სიკვდილზე არ მიფიქრია, ვნანობ, რომ..." - ირაკლი კავსაძე ოჯახურ ტრაგედიაზე

irakli

ლეგენდარული კახი კავსაძე, მისი შემოქმედება, ოჯახი და უკანასკნელი წლები - ეს დიდი მაესტროს შვილთან, ირაკლი კავსაძესთან საუბრის თემაა, რომელსაც "პრაიმტაიმი" გთავაზობთ.

დიდი კახის ნიჭიერი და ამერიკაში აღიარებული ირაკლი კავსაძე იხსენებს მამასთან გატარებულ ბოლო პერიოდს, სანამ უკანასკნელ განსასვენებლამდე გააცილებდა.

ამაყობს, რომ კახის რეჟისორი იყო და სპექტაკლში შვილთაშვილთან ერთად ათამაშა... ახლა, დიდი კახი ცოცხალი რომ იყოს, ირაკლი ეტყოდა მიყვარხარო... ლეგენდა წავიდა და სიჩუმემ დაისადგურა, ირაკლისაც სწორედ ის ხმაური ენატრება, რომელსაც კაცი იწვევდა...

"ბოლო პერიოდში ხშირად ჩამოვდიოდი, ავად რომ გახდა, შტატები დავტოვე და სანამ თვალი არ დახუჭა, მის გვერდით ვიყავი, ეს 7 თვე გრძელდებოდა. ამერიკიდან ფეხი დაკრა და წამოხვიდე, მარტივი არ არის.

ადვილად არავის უშვებენ, მე დისტანციურად მუშაობა მიწევდა. უბრალოდ, მომცეს მამის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა, როგორც ოჯახმა, ისე - სამსახურმა. თანაც ეს პანდემიის პერიოდს დაემთხვა. მაშინ, უკვე ორ კომპანიაში ვმუშაობდი, ერთი ტაქსი იყო... ამიტომ ვარჩიე, რომ თვითგამომუშავებაზე ვყოფილიყავი.

მამა ბოლო პერიოდში ნაღვლიანი გახლდათ, ბევრი ოპერაციების გადატანა მოუწია. კახიმ დაკარგა მეგობრები, ყველა წავიდა, ბოლოს გივიც წავიდა და მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა.

როცა თეატრში ვმუშაობდი, თითოეულ სპექტაკლს ჩემს მშობლებს ვუძღვნიდი, როცა თავიდან წავედი, კახის დანა პირს არ უხსნიდა. ჩემი შვილი ირინკა და კახი საოცარი ტანდემი იყო - საქართველოში ყოფნისას მამა, ჩემი ცოლ-შვილი და მე ერთად ვცხოვრობდით.

როცა მამა ამერიკაში ჩვენთან ჩამოვიდა, მაშინ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. იმ სახლში ნოხი იყო და კახიმ გვითხრა, ამ სახლიდან უნდა გადახვიდეთ, ნოხი მტვერს ისრუტავს და სუნთქვა არ შეიძლებაო, ხომ დეტალია, მაგრამ ასე ფიქრობდა ყველაფერზე.

ბელას ახსენებდა ხშირად... როცა ვიკრიბებოდით ხოლმე ამბობდა - რა მოხდებოდა ახლა, აქ ბელაც იყოსო... ასე ამბობდა გივი ბერიკაშვილზეც - "რა ქნა, ბერიკამ, წავიდა, მოკვდა ტო?"

დედა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, უთქმელი ქალი იყო. კახი ამბობდა ხოლმე, მან ერთადერთხელ თქვა ცუდად ვარო... ასე იყო კახიც, არ ამბობდა...

მე ძალიან განვიცდი და ვნანობ, რომ ბოლო წლები საქართველოში არ ვიყავი, ამაზე მამა არ მესაუბრებოდა, არ უნდოდა ჩემთვის ხელი შეეშალა. ახლობლებმა მითხრეს, იქნებ ირაკლიმ რამე მოიფიქროს და წამოვიდეს, კახი ჩაილაპარაკებს ხოლმეო.

როცა ცუდად გახდა, სულ მის გვერდით ვიყავი... განცდა მქონდა, რომ საქართველოში გადმოსასვლელად მზად ვიყავი...  ახლა, კახი ცოცხალი რომ იყოს, ვეტყოდი რომ ძალიან მიყვარს, მისი ხმაური მაკლია...

ვფიქრობდი, რომ ფეხზე დავაყენებდი, მის სიკვდილზე არ მიფიქრია... ქართველთა კოდია, რომ ოჯახს, მშობლებს ცივ ნიავს არ აკარებენ, მშობლებმა ხომ ჩვენი ზურგით ტარების ხვედრი იტვირთეს?! შვილებსაც აქვთ ეს ვალი... ამერიკაშიც ბევრია ასეთი, მშობლებს არაფერს აკლებენ და მოხუცთა სახლებშიც არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოხუცებისთვის საოცარი სოციალური პირობებია..." - ამბობს ირაკლი კავსაძე.