1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლელა მიქელაძე - ამ სახელმა და გვარმა წლების წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაიჟღერა და მას შემდეგ ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. მაშინ თბილისში ამბობდნენ, რომ ლელა მომღერლის, მარკუს მეტრეველის მეგობარი ქალი იყო და დაქორწინებასაც აპირებდნენ. წლების განმავლობაში, ყვითელ მედიაში, უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქვეყნდებოდა.
„პრაიმტაიმმა“ ლელა მიქელაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან ბევრისთვის საინტერესო თემაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მარკუსთან იგივე ურთიერთობა აქვს, რაც წლების წინ და მათ შორის, მეგობრობის გარდა არც არაფერი ყოფილა.
ლელა მიქელაძე: - მარკუსი ჩემი მეგობარი იყო და მასთან დღემდე ვმეგობრობ. იმ პერიოდში, ეს ადამიანებმა სხვანაირად აღიქვეს და კუდები გამოაბეს. საცოლე არ ვყოფილვარ, ხალხმა ასე რომ აიტაცა, ჩვენი სიტყვა იქ აღარ ჭრიდა. ჩვენს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა, ამის გამო კარგად გავილანძღე კიდეც, არადა, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ფანტაზია იყო, რაც ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ქართულ საზოგადოებას არ ვიცნობდი.
90-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავედი. მგონი, პირველი ემიგრანტი მე ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე გავემგზავრეთ გერმანიაში, შემდეგ ესპანეთში მომიწია და პროფესიონალ ფოტო მოდელად შტუტგარტის სამოდელო სტუდიაში ვმუშაობდი. გადაღებები ძირითადად, ესპანეთში, იბიცაზე გვქონდა.
- თუმცა, ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნდით. რატომ?
- მაშინ აქაურობას გამარიდეს, ცუდი პერიოდი იყო... 90-იანები წლების მიწურულს დავბრუნდი, რადგან აქ მინდოდა ცხოვრება. მე ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, სადაც ვარ, მაგრამ გულმა აქეთ გამომიწია. ომის პერიოდშიც ჩამოვდიოდი, არ ვერიდებოდი, ძალიან რისკიანი ვარ.
- საკმაოდ სკანდალურად გაგიცნოთ ფართო საზოგადოებამ საქართველოში...
- ჩემს სამოდელო სააგენტოში დღემდე ვირიცხები და პროფესიონალი ფოტომოდელი ვარ. ვმუშაობ ესკორტ მოდელად. ესაა გამცილებელი, რომელიც ბიზნეს ვახშმებს ესწრება. სადაც არ არის შეიარაღებული დაცვა, ვარ მე. შვეიცარიაში, სპეციალური კურსები გავიარე და ამ მიმართულებით ვარ მომზადებული.
დღემდე ვარ ჩემი სააგენტოდან წარდგენილი, სულ რამდენიმე ადამიანი ვირიცხებით, ვისაც ჩვენი მომხმარებლის დაცვა და რთული სიტუაციიდან გამოყვანა ევალება. სადაც ქალი ფიგურირებს, იქ ყოველთვის თავშეკავებაა და ქალს შეუძლია, ყველანაირი სიტუაცია გაანეიტრალოს, ყოველგვარი იარაღის, ჯარის და დაცვის გარეშე. ეს ძალიან კონფიდენციალური თემაა და ცხადია, ჩემს ვიზიტებს არ ვახმოვანებ. ხშირად მივდივარ საზღვარგარეთ. საქართველოში ამტყდარი ამბების გამო, ესპანეთიდან მომწერეს და სიტუაციაში გარკვევა სცადეს.
- როგორც ვიცით, ცხოვრობდით დუბაიში...
- ფოტოსესიებს თავი დავანებე და დუბაიში ბიზნესი ავირჩიე. ემირატებში საინვესტიციო ბიზნეს აკადემია დავამთავრე, ეს კი ინვესტიციების მოზიდვას, სარფიან დაბანდებას და მის დაცვას მოიცავს. აი ამ ხაზით გავყევი ჩემს პროფესიას. დღესდღეობით, ჩემი ოჯახის დახმარებით, კერძო ინვესტორი ვარ. არის ერთ-ერთი შეიხის კომპანია, რომელიც 40 საწარმოს მოიცავს. 8 წელია, თავჩაღუნული ვიმუშავე, რომ ეს ბიზნესი ამეწყო.
- მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენთვის მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებთ. თუმცა, რამდენჯერმე ტიკტოკზე გამოჩნდით, სადაც გაბრაზებული ჩანდით...
- არ ვიცი რას მერჩიან, დღემდე პროგრამაში ვარ. მე ძალიან ძლიერ ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი, ქალბატონი იზა, სპორტულ სკოლა-ინტერნატში პედაგოგად მუშაობდა. საქართველოს მასშტაბით, თუ ვინმე სპორტსმენია წინ წამოსული, დედას აღზრდილია. ვიცნობ უამრავ ადამიანს. დღესდღეობით, ძალიან ბევრ ფარს ვხედავ საქართველოში, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობ, უსამართლობას ვერ ვიტან და როგორც წესი, სიმართლის მთქმელი ადამიანები არ უყვართ. ამიტომ ვილანძღები და ათას რაღაცას მაბრალებენ. ყველაფერზე მეცინება...
- თქვენი გარეგნობითაც იქცევთ ყურადღებას...
- 26 მაისს 54 წლის გავხდი, ასაკს არასდროს ვმალავ. თითქმის არაფერი მაქვს გაკეთებული, ეს კარგი გენეტიკის დამსახურებაა. ეს ნაოჭებიც მომწონს და მიყვარს. ჯობს, როგორიც ვარ ისეთი ვიყო, ვიდრე ქუჩაში შემხვედრმა თქვას, უი, თურმე რას ჰგავსო. ეს ბუნებრიობაც აღიზიანებთ, მეკითხებიან, წონაში რატომ არ იმატებო.
- როგორ ინარჩუნებთ სასურველ ფორმებს?
- 4 წლიდან ჩოგბურთს ვთამაშობ. ფოტო მოდელობა იცით, რასაც მოითხოვს. ყველაფერი წონაზე და პარამეტრებზეა აგებული, საზღვარგარეთ ისე არავის სჭირდები. დღეს ზუსტად ის წონა მაქვს, რაც უნდა მქონდეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ჩემი რეჟიმიდან, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მოდის. 12 საათამდე არ მძინავს, არ ვსვამ. 6 საათზე ვიღვიძებ, სუფთა ჰაერზე გავდივარ და მერე ნელ-ნელა ვიწყებ რუტინას. სპორტს დიდ დროს ვუთმობ, კრივი მიყვარს.
- რა ხდება პირადში?
- ეს თემა ყველას აინტერესებს, პირად ცხოვრებას არ ვაფიშირებ. შვილი არ მყავს... მე და ჩემს მეუღლეს, ფაქტობრივად, სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევდა გადაადგილება, ეს ცხოვრებაც ისე აეწყო, რომ ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ერთმანეთს დავშორდით. 19 წლის დავოჯახდი და 24 წლის ასაკში განვქორწინდით. წარმოიდგინეთ, მასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არა მხოლოდ მასთან, მის ოჯახთანაც. მეორედ აღარ შემიქმნია ოჯახი, სურვილიც აღარ მქონდა, რადგან ისეთი კარიერული სვლა მქონდა.... ოჯახს კარიერა ვარჩიე.
ლელა მარტო არასდროს არის, მაგრამ პარტნიორებს ხშირად არ ვიცვლი. ფლირტი მომწონს. მე ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი და დიდ ყურადღებას ვაქცევ ოჯახში ცვლილებებს. ახალგაზრდები სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მე თავისებური რიდი მაქვს დედასთან და არ მინდა ისეთი პარტნიორი მყავდეს გვერდით, რომელიც ჩემს ოჯახში შემოსვლას იმსახურებს. მიუხედავად ჩემი ამ დამოკიდებულებისა, ჩემს პირად ცხოვრებაში არავინ ერევა.