პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საკუთარ წარმომავლობას ყოველთვის მალავს. ურჩევნია, მას როგორც ირაკლის ისე იცნობდნენ და არა, როგორც ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელს. ალბათ, ახლა ბევრი გაიგებთ, რომ კაცი, რომელსაც იცნობთ, ან უბრალოდ ქუჩაში გხვდებათ, სამეფო ოჯახიდანაა და რა თქმა უნდა, პრინცის სტატუსს ატარებს.
სტატუსთან ერთად ამ გვარის ტარება, რომ სიამაყეცაა და პასუხისმგებლობაც კარგად იცის.
მაშ ასე, გაიცანით 45 წლის პრინცი ირაკლი ბაგრატიონი, რომელსაც მოგზაურობა და თავგადასავლები ხიბლავს. ვინც ჯერ არ იცის, გეტყვით, რომ ირაკლის შტო საქართველოს მეფე კონსტანტინე მეორისგან (1478-1505 წწ.) მოდის. როგორ ცხოვრობს, სად და როდის იკრიბებიან დიდგვაროვნები საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში?! ამ და სხვა კითხვებს ირაკლი ბაგრატიონი "პრაიმტაიმს" უყვება.
„მიყვარს წყალი და უკვე 20 წელია, რაც თბილისის ზღვაზე, იახტკლუბში დავდივარ. ამაზე უკეთესი ადგილი თბილისში მგონი, არც არის. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, აქ მოვდივარ და საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ... დღემდე ბევრმა არ იცის და ალბათ, ახლა გაიგებენ ჩემს წარმომავლობას. არ მიყვარს ამის აფიშირება. მირჩევნია ადამიანები ჩემთან ურთიერთობდნენ როგორც ირაკლისთან და არა როგორც ირაკლი ბაგრატიონთან. ჩემთვის მთავარია ადამიანობა და არა მისი სტატუსი.
ბაგრატიონის გვარის ტარება სიამაყესთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით - საქართველოში. ბავშვობიდან ყოველთვის დიდი ყურადღების ქვეშ ვიყავი. 7-8 წლის ასაკში, მეზობლებიც კი სიცელქესაც არ მპატიებდნენ, მეუბნებოდნენ - ირაკლი, შენ არ გაქვს უფლება ასე მოიქცეო. იქიდან მოყოლებული სულ მახსოვს ეს ეპიზოდები და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას არ ვაძლევ, მაგრამ ყოფილა მომენტი, როცა სხვა გზა არ მქონია და მიჩხუბია კიდეც. “ - ამბობს ირაკლი.
მამა - მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლავთ, დედა - ალბინა საფრონოვა. ირაკლი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, ჰყავს უფროსი ძმა. სკოლის დამთავრების შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მართვის სისტემებს სწავლობდა. ამჟამად, ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობს, ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
უყვარს წყალი და ზამთრის კურორტები. დაოჯახებული არასდროს ყოფილა.
„ისე მოვედი 45 წლამდე, რომ დაოჯახებაზე არ მიფიქრია. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ და ოჯახის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როცა მზად არ ხარ, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა. იმდენად თავისუფალი ადამიანი ვარ, რომ შეიძლება დილით გავიდე და ორი თვე სახლში აღარ დავბრუნდე. მოგზაურობა მარტოს მიყვარს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ.
შეყვარებული რამდენჯერმე ვიყავი, თუმცა ეს გრძნობა და ოჯახის შექმნა სულ სხვადასხვა რამაა. შეყვარებულს არაერთი სიგიჟე ჩამიდენია. საყვარელი ადამიანის გამო, მახსოვს 90-იანი წლებში, ღამის სამ საათზე მოვახერხე, ვიყიდე ძალიან ბევრი ყვავილი, სამსახურში მივუტანე და გადაირია, ისე გაუხარდა. ესაა ყველაზე „ლაითი“ ისტორია, ყველაზე გიჟურს ვერ გეტყვით...
როგორი უნდა იყოს ჩემი მეორე ნახევარი?! დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი ოჯახიდანაა ადამიანი და არა მისი წარმომავლობა. პიროვნება უნდა იყოს საინტერესო. ფიზიკურ მონაცემებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ. არ მაქვს მაინცდამაინც კონკრეტული კრიტერიუმები, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი უნდა იყოს მაღალი, ქერა ან ცისფერთვალა. ბევრი შემხვედრია ასეთი გარეგნობის, მაგრამ მასთან საერთო ვერ გამომინახავს.
ძალიან რთულია როდესაც ორ ადამიანს სასაუბრო თემა ვერ მოუძებნია. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყველა მეგობარი თუ შეყვარებული მაღალი არ ყოფილა. თავისუფლების და ამავე დროს, ტრადიციების მოყვარულიც ვარ. მომავალში ალბათ, ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა, მათ შორის - ასეთ თავისუფლებაზე. შვილზე უკვე ვფიქრობ. სპონტანური ადამიანი გახლავართ და როცა გადავწყვეტ დაოჯახებას, მაშინ დავქორწინდები. შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებით, ნათესავები გავანაწყენო კიდეც, თუმცა ეს ჩემი ცხოვრებაა.“- ამბობს პრინცი.
„ბავშვობაში მშობლებს ხშირად დავყავდი დიდგვაროვანთა შეკრებებზე. ჩვენი გვარის ასაკოვანი წარმომადგენლები ხშირად განიხილავდნენ ახალგაზრდების დაქორწინების საკითხს. სწორედ უფროსი თაობისგან მესმოდა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები დიდგვაროვნებზე უნდა დავქორწინებულიყავით. მაშინაც და ახლაც, დაოჯახების მიზნით, გაცნობის და გარიგების წინააღმდეგი ვარ.
წინა წლებში, იტალიასა და საფრანგეთში, 300-400 კაციან დიდგვაროვანთა წვეულებებზე ხშირად დავდიოდი. ერთ-ერთ მეჯლისზე, ჩემმა მამიდაშვილმა დიდგვაროვანი გოგონები გამაცნო, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.
ამ საღამოებს ორი განყოფილება აქვს. ყველაფერი გაწერილია და ეტიკეტის მიხედვით მიდის. რამდენიმე საათში, როცა ოფიციალური ნაწილი სრულდება, მეორე განყოფილებაზე მხოლოდ ახალგაზრდები ვრჩებით და წვეულების არაოფიციალური ნაწილი იწყება, სადაც უფრო მეტი თავისუფლება და გართობაა.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მახსოვს დიდგვაროვანთა შეკრებები. ერთხელ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ჩვენთან, სახლში დარეკა და ვახშამზე მიგვიწვია, სადაც სხვა ქვეყნიდან ჩამოსული დიდგვაროვნები იყვნენ. ეს დღე ჩემს მეხსიერებას ლამაზ მოგონებად შემორჩა .
საქართველოში არის თავად-აზნაურთა საზოგადოება, რომელიც ყოველი წლის 5 ივნისს, მეჯლისს მართავდა. ქართველი დიდგვაროვნები ვიკრიბებოდით და ძალიან კარგი საღამოები გამოდიოდა. ერთ-ერთი პირველი მეჯლისის ორგანიზატორი თავად გახლავართ.
ხშირად უკითხავთ, საქართველოდან წასვლას ხომ არ აპირებო?! არასდროს მიფიქრია წასვლაზე, შეიძლება დროებით სხვა ქვეყანაში მომიწიოს ყოფნა, მაგრამ უცხოეთში დიდხანს ვერ გავძლებ და აუცილებლად სამშობლოში უნდა დავბრუნდე.