პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მოხარული ვარ, რომ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორის სახელით წარვადგენ დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენს, რომელიც გადაეცა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ზაზა ფურცელაძეს.
მადლობა ზაზას ბრიტანეთი-საქართველოს შორის კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროში გაწეული შრომისთვის”,- წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი.
6 ივლისს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში ზაზა ფურცელაძის დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენის (OBE) გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოში ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორისა და ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელის ზაზა ფურცელაძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო.
მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ზაზა ფურცელაძეს დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენის (Honorary OBE) მიღება მიულოცა და პირადად მას, ისევე როგორც ბრიტანეთის საბჭოს მთელ გუნდს, განათლების სისტემის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი მონაწილეობა მივიღო ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მინდა, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორს, ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელ ბატონ ზაზა ფურცელაძეს მივულოცო დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენის მინიჭება.
მიღებული ჯილდო თქვენ მიერ ორი ქვეყნის – საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში გაწეული შრომისა და ღვაწლის დამსახურებული აღიარებაა.
ბრიტანეთის საბჭო სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და მინდა, პირადად გადაგიხადოთ მადლობა განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის და ერთგული პარტნიორობისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ განათლების სისტემური რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე თქვენს აქტიურ ჩართულობას.
ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ „საქართველოს ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია“, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტი, ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებასთან ერთად, ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.
მჯერა, რომ განათლების, კულტურისა და ენის გაძლიერებით ქვეყნებსა და ადამიანებს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მყარი საფუძველი იქმნება. სწორედ ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიას ემსახურება ბრიტანეთის საბჭო.
აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვყო საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის.
კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ, მადლობას გიხდით საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ყველას წარმატებებს გისურვებთ!“
თავის მხრივ, სიტყვით გამოსვლისას ზაზა ფურცელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამინისტროსა და ბრიტანეთის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი უძღვებოდა, ბრიტანეთის საბჭოს რეგიონული დირექტორი ჯოანა ბურკი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ფურცელაძეს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (Honorary OBE) მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის განკარგულებით მიენიჭა.
ზაზა ფურცელაძე ბრიტანეთის საბჭოს გუნდს 2001 წელს შეუერთდა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 2011 წელს გახდა ბრიტანეთის საბჭოს ოფისის საქართველოს დირექტორი, ხოლო 2018 წელს დაინიშნა ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელად.
ზაზა ფურცელაძე აქტიურად იყო ჩართული „საქართველოს ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიის“ შემუშავების პროცესში, რომელიც მოიცავს როგორც რეკომენდაციებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმებისა და ეფექტური ELT პრაქტიკის განვითარებისათვის, ასევე, სამოქმედო გეგმას პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინტერვენციების შესახებ. სტრატეგიის დოკუმენტის გრძელვადიანი მიზნის მიხედვით, 10 წელიწადში სკოლის დამთავრებისას ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე, ხოლო ყველა მასწავლებელი – C1 დონეზე.
„ჩემთვის დიდი პატივია მისი უდიდებულესობის დედოფლის საპატიო OBE ჯილდოს მიღება.
მსურს მადლობა გადავუხადო მისი უდიდებულესობის მთავრობას ჩემი მუშაობის ასეთი მაღალი აღიარებისთვის და ჩემი მოკრძალებული წვლილისთვის დიდ ბრიტანეთში და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების, ურთიერთგაგებისა და ნდობის ჩამოყალიბებაში.
ბევრი ინსტიტუტი და ადამიანი მყავს, რომ მადლობა გადავუხადო, რომლებმაც საშუალება მომცეს ამ ჯილდოს მიღება.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დაინტერესებულ მხარეებს და პარტნიორებს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, Creative Georgia, საქართველოს ინგლისურის მასწავლებელთა ასოციაცია, უმაღლესი სასწავლებლები და უნივერსიტეტები, წამყვანი ხელოვნებისა და კულტურული ორგანიზაციები და სხვა. ჩემი გულწრფელი მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის საელჩოს გუნდს. დიდი მადლობა დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ და უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის.
მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბრიტანეთის საბჭოს რეგიონალური ხელმძღვანელობის გუნდს უზარმაზარი მუდმივი წახალისებისთვის, რამაც საშუალება მომცა, ძალისხმევა და თავდადება გამომეყენებინა რთული და უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს გუნდს. ამ ჯილდოს, ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის თითოეულ წევრს ვუზიარებ.
გმადლობთ კოლეგებს, გუნდის ერთობლივი მიღწევებისთვის. რასაკვირველია, არ შემიძლია დავივიწყო, ჩემი საოცარი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები, რომლებმაც მოითმინეს ჩემი გიჟური სამუშაო გრაფიკი და ყველანაირი მხარდაჭერა გამიწიეს, ზოგჯერ ჩემი თხოვნის გარეშეც კი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! - წერს ფურცელაძე.
(ფოტო: ვახო შალიბაშვილი).