პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოჩენილი ვიდეო და მოულოდნელი პოპულარობა – ქუთაისელ რუსკა შარვაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს.
21 წლის იყო, როცა თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო. მუშაობს ახალი პროფესიით, ჰყავს მეუღლე და მალე პატარას დედა გახდება.
„პრაიმტაიმი“ რუსკა შარვაძესთან ჩაწერილ ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ:
- სოციალურმა ქსელებმა უამრავი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი გაგვაცნო, ერთ-ერთი აღმოჩენა თქვენ ხართ - ერთი ვიდეოთი თითქმის, მთელმა საქართველომ გაგიცნოთ. ხშირად სტუმრობდით გადაცემებსაც. ახლა როგორ ცხოვრობთ? როგორც ვიცი, სწავლის პარალელურად, ახალ პროფესიასაც დაეუფლეთ...
- მოგესალმებით, ისევ ისეთი პოზიტივით ვაგრძელებ ცხოვრებას, როგორც თქვენთან სტუმრობის დროს აღვნიშნე. რაც შეეხება ჩემს ახალ პროფესიას, პედიკურ-მანიკურის სპეციალისტი გახლავართ. ეს საქმიანობა პანდემიის დროს შევითავსე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა უმაღლესში სწავლა დასრულებული არ მქონდა.
დისტანციურმა სწავლებამ და დიდი დროით სახლში ყოფნამ ჩემში ძალიან დიდი დისკომფორტი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, გადავწვიტე, ამ პროფესიის შესწავლა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი ნაბიჯი იყო. არ მიყვარს საკუთარი თავის შეფასება და სხვას ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩემს მომხმარებლებს თუ დავუჯერებთ, კარგი „ნეილ არტისტი“ უნდა ვიყო. რაც შეეხება ჩემს სამუშაო გარემოს, თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ყოფნა არასდროს მომწყინდება.
- ტიკტოკზე საკმაოდ აქტიური ხართ და არც ახალი ამბები გამოაპარეთ მიმდევრებს - მოგვიყევით, სად გაიცანით თქვენი მეორე ნახევარი?
- სულ რამდენიმე თვეა, რაც ოჯახი შევქმენი... ჩვენი სიყვარულის ისტორიის მოყოლა რომ დავიწყო, ძალიან დიდი დრო დამჭირდება, მაგრამ შევეცდები მოკლედ გითხრათ. მახსოვს, 2020 წლის 14 დეკემბერი თენდებოდა, როცა ჩემა მეუღლემ პირველად მომწერა და მეგობრობა შემომთავაზა. როგორც ყველა გოგოს სჩვევია, თავიდან მეც უპასუხოდ დავტოვე, თუმცა დიდი ხანი არ გაგრძელებულა ჩემი სიჩუმე. რამდენიმე თვე ჩვენი დიალოგი, ვითომ, მეგობრობით შემოიფარგლებოდა. ეს მეგობრობა ისე გადავიდა სიყვარულში, არც ერთი რომ არ ველოდით.
ბევრი სირთულე გამოიარა ჩვენმა ურთიერთობამ, წინააღმდეგობებიც იყო და ამ წინააღმდეგობების ფონზე, ერთმანეთთან უკონტაქტო თვეებიც გვქონია, თუმცა, ზუსტად მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, მაინც მოახერხა გვერდით ვყოლოდი და თან მთელი ცხოვრება...
მოულოდნელი ხელის თხოვნის ფონზე, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი ადამიანი იყო, მაგრამ იმ სირთულეებს ვერ ვახტებოდი, რაც ჩვენს ურთიერთობას თან სდევდა, ჩემს წინ მუხლდაჩოქილი რომ იდგა და ცოლობას მთხოვდა დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. მხოლოდ მისი ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა თავში - „შენ სწორედ ის ხარ, ვინც მჭირდებოდა, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი“. მისდამი უსაზღვრო სიყვარული უფლებას არ მაძლევდა უარი მეთქვა. გადავწყვიტეთ, რომ ყველა სირთულე ერთად გადაგველახა და დღეს თამამად ვიტყვი, რომ ბედნიერი ოჯახი გვაქვს ჩვენი პატარას მოლოდინში.
- საოცარ მდგომარეობაში ხართ, მალე დედა გახდებით - რა გრძნობაა ეს და როგორ წარმოგიდგენიათ თავი დედის ამპლუაში?
- საოცარი გრძნობაა, თითქოს ვიაზრებ, მაგრამ ვერც ვიაზრებ ბოლომდე, რომ მალე დედა ვიქნები. ყოველთვის ვაღმერთებდი დედაჩემს და ეს არა ერთ ინტერვიუში მითქვამს, მაგრამ ახლა ვხვდები, რამხელა სიყვარულით შეიძლება უყვარდეს დედას შვილი და ათმაგად ვაფასებ დედაშვილობას. მინდა, ზუსტად ისეთი დედა ვიყო, როგორიც ჩემი დედიკო და ჩემი გამზრდელი ბებოა.
- როგორი ორსული ხარ? განსაკუთრებული მოთხოვნებით ხომ არ გამოირჩევი?
- რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, არანაირი მოთხოვნა მქონია ამ დრომდე, შესაძლოა, ეს იმიტომაც, რომ ზედმეტად გადართული ვარ ბავშვზე და საკუთარი მოთხოვნები არც კი მახსოვს.
- ყოველთვის პოზიტიური ხართ და ასეთია თქვენი კონტენტი. სხვა ბლოგერების მსგავსად, თითქმის არ გჭირდებათ ვიდეოების ჩაწერა იმისთვის, რომ ნეგატიური კომენტარების ავტორებს უპასუხოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოდის თქვენამდე ნეგატივი?
- პოზიტივი ჩემი ცხოვრების საწინდარია. იცით, რამდენს უკითხავს, როგორ ახერხებ სულ ასეთი მხიარული იყოო? ასეთი რომ არ ვიყო, ალბათ, ძალიან რთული ცხოვრება მექნებოდა.
რაც შეეხება ნეგატივს, ჩემს მიმართაც გამოუხატავს თუნდაც სოციალურ ქსელში კომენტარების სახით, მაგრამ როცა საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობ, ნეგატივს ნაკლებად აქცევ ყურადღებას.