Exclusive: „ეს არსად, არასდროს მომიყოლია...“ - სად არის და რას საქმიანობს ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ სალიტა ჩუბინიძე

სალიტა ჩუბინიძე

იუმორისტი, სატელევიზიო პროექტ „ჩვენი შოუს“ მონაწილე სალიტა ჩუბინიძე ეკრანზე გამოჩენისთანვე ქართულმა საზოგადოებამ განსაკუთრებულად გამოარჩია და შეიყვარა. ინტერნეტ სივრცეში მისი მონაწილეობით გავრცელებულ ეპიზოდებს დღემდე დიდი გამოხმაურება აქვს.

„პრაიმტაიმი“ სალიტა ჩუბინიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

სალიტა ჩუბინიძე: ალბათ, 2011 წელი იყო, სატელევიზიო პროექტში „თქვენი შოუ“ საჯაროდ რომ გამოვჩნდი, თუმცა, მანამდე ყოველთვის ვაქტიურობდი. 

ძალიან, ძალიან კარგი პერიოდი იყო. ყოველთვის მინდოდა, რომ ადამიანებს ჩემი სიმღერით გავეცანი. ეს ჩემთვის ბავშვობის ოცნების ასრულება იყო. უბედნიერესი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლაც ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მადლობელი ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მაგრამ როცა გეგმავ, გეგმავ და უცებ იბუთქებს, მაშინ ეგ მოხდა. საზოგადოების მხრიდანაც დიდი სითბო წამოვიდა. კომენტარებს რომ ვკითხულობდი, თავადაც მიკვირდა, ერთი ადამიანი არ იყო, ვინც უარყოფითს დაწერდა. ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა და პროექტი სულ რაღაც ერთი წელიც არ გაგრძელებულა, ქუჩაში თუ სოციალურ ქსელებში დღემდე დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. 

- წარმატებული კარიერის პარალელურად, თქვენი პირადი ურთიერთობაც განვითარდა... სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე, ასევე „თქვენი შოუს“ წევრი გიორგი აფციაური?

- ეს არსად, არასდროს მომიყოლია - 6-7 წლის ვიყავი, მყავდა მეგობარი, რომლის შორეული ნათესავი აღმოჩნდა გიორგი. გიორგის არსებობის შესახებ ამ გოგონასგან ვიცოდი... დროთა განმავლობაში, სცენაზეც გამოჩნდა და ა.შ. მაშინ რატომღაც მინდოდა, რომ ეს პატარა ბიჭი გამეცნო. გავიდა დრო, დაახლოებით, 10-11 წელი და ერთმანეთს უნივერსიტეტში, რეპეტიციაზე შევხვდით. 

ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გიორგიმ შემომთავაზა, რომ „რუსთავი 2-ში“ მივსულიყავი გასაუბრებაზე... ყველაფერი აქედან დაიწყო. 

გიორგის სურვილით და ინიციატივით მივედი, თუმცა, მე გაჩერებას არ ვაპირებდი. ყოველთვის ვგეგმავდი, რომ ჩემი სიმღერით ჩემი სათქმელი მეთქვა. გაჩერებას არ ვაპირებდი, მაგრამ ამის საშუალება რომ მომცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. 

- როდის მიეცა თქვენს ურთიერთობას სერიოზული სახე?

- ჩვენი ურთიერთობა ერთი წლის შემდეგ გასერიოზულდა. ძალიან მოკრძალებული ურთიერთობა გვქონდა, ახლაც ხუმრობით იხსენებს: „მადლობა, ბოდიში-თ“ შემოვიფარგლებოდი. მერე დავახლოვდით, დავმეგობრდით. ჩემთვის ცოტა უჩვეულოდ, პატარა ნაბიჯი მეგობრობიდან სიყვარულამდე საკმარისი აღმოჩნდა. მანამდე არ ვფიქრობდი, რომ რამე შეიძლებოდა განვითარებულიყო.

მე ჩემი ცხოვრება და ინტერესები მქონდა, გიორგის თავისი. ჩემს ცხოვრებაშიც იყო ადამიანი და მასთანაც, რომელთანაც სერიოზული გეგმები ჰქონდა, თუმცა, ისე არ წავიდა ყველაფერი. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე მივხვდით, რომ ამ ქვეყნად ერთმანეთისთვის ვიყავით.

- სალიტა, უამრავი ვერსია გავრცელდა, იმასაც ამბობენ, მეუღლემ ჩამოაშორა ეკრანსო, რეალურად რა და როგორ მოხდა?

- გიორგის ბრალი ნამდვილად არაფერია. ყველაზე კარგად დედები გამიგებენ - მე მინდა აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ ჩემს შვილებს არ მოაკლდებათ ჩემგან არც ემოციური, არც მენტალური და არც ფიზიკური ყურადღება. ვთვლი, რომ ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და დროა,  მერე რაღაცების გამოსწორება აღარ ხდება ხოლმე... ამიტომ ეს პერიოდი უნდა იყოს სრულიად დადებითი ემოციებით დატვირთული და ვთვლი, რომ ამ მხრივ, მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს. 

ამ შემთხვევაში, ჩემი ამბიციები ჩემმა პასუხისმგებლობამ დაჯაბნა. პირველ რიგში, საკუთარი თავის და შემდეგ შვილების მიმართ. მე ახლა თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა, ეს ჩემს მომავალში არ აქტიურობას არ გულისხმობს. უბრალოდ, ამ ეტაპზე მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი შვილებისთვის ყველაფერს ვაკეთებ ემოციური, ფიზიკური, მენტალური, ყველანაირი თვალსაზრისით. 

- შვილებზე გვიამბეთ...

- ორი შვილი მყავს, უფროსი ბიჭი და გოგონა. ვთვლი, რომ განსაკუთრებული ადამიანები, ძალიან ნიჭიერები არიან. ჩემთვის ყოველი დღის გათენება ბედნიერებაა, მათთან ურთიერთობა საოცრებაა. 

მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე და ეკრანზე არ ვჩანვარ, ბევრი ჰობი და ინტერესი მაქვს. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, საკუთარი თავის განვითარება არასდროს შემიწყვიტავს. 

- ყველაზე აქტუალური კითხვაა, დღეს რას საქმიანობთ?

- იმდენი პროფესია შევისწავლე, უკვე ვეღარ ვითვლი. ამ დროის მანძილზე მეორე უნივერსიტეტი დავამთავრე. აქამდე ხელოვნებათმცოდნე ვიყავი, ახლა კი კონსერვატორია დავამთავრე. ასევე შევისწავლე ვიდეო მონტაჟი, დაინტერესებული ვარ მინიატურული ხელოვნებით, თიხის ხელოვნებით, მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი... მუდმივად ვცდილობ, რომ სწავლა-განათლებისა და განვითარების პროცესში აქტიურად ვიყო ჩართული. მუდმივად მოძრაობაში უნდა ვიყო, სხვანაირად არ შეიძლება;

- სინანულის მომენტი თუ გქონიათ?

- არა, სინანული ჩნდება მაშინ, როცა ფიქრობ, რომ რაღაცაში დამნაშავე ხარ. უბრალოდ, ის ადამიანები დღემდე მენატრებიან, რომ ვიხსენებ ძალიან სასიამოვნო იყო, განსაკუთრებით თავიდან. მერე რაღაც ამბიციები გაჩნდა და სიტუაცია დაიძაბა, ეგ უკვე აღარ მომეწონა. სინანული არ მაქვს, უფრო მონატრება...

- „თქვენი შოუს“ გუნდში საზოგადოებისთვის საყვარელი ბევრი იუმორისტი იყო. მეგობრობთ მათთან?

- დღესდღეობით, აქტიური შეხება არ გვაქვს, მაგრამ როცა შემთხვევით გადავიკვეთეთ, ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით ვხვდებით ერთმანეთს.რომ დავგეგმოთ და შევხვდეთ, ასე არაა. 

- ეკრანზე აღარც გიორგი ჩანს, რას საქმიანობს?

- გიორგი რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ისიც სწავლა-განათლების მიმართულებით აქტიურადაა ჩართული.

- სამომავლო გეგმები გაგვიმხილეთ, გაქვთ სურვილი, რომ ისევ დაუბრუნდეთ სცენას და ეკრანს?

- დიახ, რატომაც არა, მით უმეტეს, ამხელა გამოხმაურებაა ხოლმე. იმდენი ადამიანი მწერს დათანაც ისეთ სიტყვებს... სულ რომ არაფერი მინდოდეს, უბრალოდ, ვერ გავჩერდები. სინანულით მწერენ, როგორ შეიძლება შენნაირი ადამიანი არ ჩანდესო... ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. როგორ შეიძლება, ამ მხრივ გეგმები არ მქონდეს... ჯერჯერობით, ამაზე საუბარი არ მინდა.... რაც ამ ეტაპზე ხდება ჩემს ცხოვრებაში, ამით ძალიან მადლიერი ვარ.

მინდა, უზარმაზარი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც ჩემს მიმართ ოდნავი სიმპათია მაინც გასჩენია. მიუხედავად დროისა, დღემდე სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, ყველას უსაზღვრო ბედნიერებას ვუსურვებ. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.