პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯვრისწერის საიდუმლო ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის განსაკუთრებული მადლი და მნიშვნელობა აქვს. ოჯახის შექმნამდე ადამიანები საკურთხევლის წინ წარდგებიან და უფლისაგან კურთხევასა და დალოცვას გამოითხოვენ.
შესაძლებელია თუ არა, რომ ყველა ჯვრისწერა არ იყოს ნაკურთხი ღვთისაგან? თუ ზიარების საიდუმლოს შესრულებისას ყველას არ აზიარებს უფალი, მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა ამ სიწმინდეს, შეიძლება რომ ჯვრისწერის საიდუმლოსაც მხოლოდ გარეგნული სახე ჰქონდეს? - მრევლის ამ კითხვას დეკანოზი საბა ჭიკაიძე ვრცლად განმარტავს.
„ზიარების დროს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ეზიაროს და ყველას უფალი აზიარებდეს, იმიტომ რომ ადამიანი არ ჩავარდეს სიწმინდედ მკრეხელობაში და არ შეურაცხყოს ის ზიარება, თუნდაც უნებლიეთ.
ამიტომ არის, რომ ყველა ვერ ეზიარება. ერთ-ერთმა წმინდა მამამ იხილა, რომ როდესაც უამრავი ადამიანი იდგა ზიარების რიგში, მიდიოდნენ და პირს უღებდნენ მოძღვარს, რომ მიეღოთ ზიარება, ძალიან ბევრ მათგანს თითქოს რაღაც ფრინველი სტაცებდა ამ ზიარებას და ისინი იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ პურს და ღვინოს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იხილა ამ წმინდა მამამ, რომელიც ჭეშმარიტად უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარნენ. ეს ხდება ღვთისაგან, რომ არ მოხდეს შეურაცხყოფა იმ უდიდესი სიწმინდისა, რასაც ქრისტეს უხრწნელი სისხლი და ხორცი ჰქვია.
რაც შეეხება ჯვრისწერას, ასე არ არის, რომ ყველა ჯვრისწერა ნაკურთხი არ იყოს ღვთისგან. როდესაც ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულება, ამას თავისი ცხოველმყოფელი ძალა აქვს ყოველთვის, სხვა საკითხია, რამდენად ღვთისაგან ნაკურთხია და რამდენად ღვთის ნებაა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვედროდნენ და თავიანთი ბედი დაეკავშირებინათ.
რამდენად უფალს იყვნენ ისინი მინდობილნი და რამდენად ღვთისაგან აარჩიეს მათ ერთმანეთი მომავალ მეუღლეებად, ეს სხვა საკითხია. შეიძლება აქ ღმერთი არ იყო ჩარეული, მაგრამ თუკი ისინი საბოლოო ჯამში, თავიანთი არჩევანით მივიდნენ, საკურთხეველთან დადგნენ და გადაწვიტეს, რომ ერთმანეთს თავიანთი ცხოვრება დაუკავშირონ და იყვნენ მეუღლეები, იქ უკვე ღმერთი ერევა და როდესაც ქორწინების საიდუმლო აღესრულება, ის ცხოველმყოფელი მადლი ამ ადამიანებზე აუცილებლად გადადის. სხვა საკითხია, შემდეგ რამდენად სწორად მიიღებენ და შეიფერებენ ამ მადლს. მერე გამოჩნდება, რამდენად ღვთისაგან ნაკურთხი იყო ეს შეერთება.“ - აცხადებს მამა საბა.