Exclusive: „31 საათი გავიდა... ჩემთვის სრული ჯოჯოხეთია“ - „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს შეყვარებული

სალომე კაპანაძე წუპაკა

„რუსთავი 2-ზე“ ახალი რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსი“ იწყება. სოციალურ ქსელებში კარგად ცნობილი სახეები ახლა უკვე თქვენს ეკრანებზე გამოჩნდებიან. მათ სხვადასხვა გამოწვევის გადალახვა მოუწევთ და გამარჯვებულის გამოსავლენად ერთმანეთის კონკურენტებად იქცევიან.

რეალური შოუ სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა მონაწილეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ეს თავად მონაწილეებმა ყოველ შაბათს უნდა გადაწყვიტონ.

რეალური შოუს მონაწილეები „პრაიმ ჰაუსში“ უკვე გადავიდნენ. მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, მისცეს ლიმიტირებული დრო, რომელსაც დღეში ერთხელ, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებენ: განათავსებენ ვიდეოს, დაურეკავენ საყვარელ ადამიანებს და ა.შ.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე სალომე კაპანაძეა, რომელიც სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მონაწილეობით არსებობს რამდენიმე კლიპი, რომელიც ინტერნეტსივრცეში ჰიტებადაც კი იქცა.

სექსუალური ფორმებით, თამამი და მოხდენილი ჩაცმის სტილით გოგონა მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ბუნებრივია, გამომწერებს სალომეს პირადი ცხოვრებაც აღელვებთ. მისი რჩეული Youtube-რი კახი მახარაძეა, რომელსაც ყველა „წუპაკას“ სახელით იცნობს. კახის და სალომეს წყვილი ხშირად გამომწერების კრიტიკის ქარცეცხლშიც ეხვევა ხოლმე, თუმცა, მათ მაინც ერთ-ერთ ფავორიტად ასახელებენ.

კახი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა და ექსკლუზიურად გაუმხილა ის დეტალები, რომელიც სალომეს პროექტში მონაწილეობას შეეხება. ჩვენთან საუბრის დროსაც ითვლიდა საათებსა და წუთებს, თუ რამდენი ხანი გავიდა მის გარეშე.

კახი მახარაძე: სალის რომ რეალითი შოუდან დაურეკეს, მიმალავდა. რომ ვკითხე, რა ხდება მეთქი, არაფერი, დამირეკეს და რაღაც შეხვედრაზე უნდა წავიდეო. 1 თვის შემდეგ ისევ დარეკეს „რუსთავი 2“-დან. დავეჭვდი, თან „პრაიმ ჰაუსმა“ სალის „სთორი“ გადაუზიარა. შემდეგ სერჩვა დავიწყე, აღმოვაჩინე „პრაიმ ჰაუსი“. ვნახე რა და როგორ ხდებოდა, არაფერს ვეუბნებოდი.

შემდეგ, როცა ქალაქიდან გავედით, ტექნიკურად ვკითხე, რა ხდებოდა ამ პროექტზე. თავადაც არ იცოდა დეტალების შესახებ. თუმცა, 1 კვირის შემდეგ მითხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა.

რომ მითხრა, ეს გადაწყვეტილება მივიღეო, პირველი ჩემი სიტყვა იყო - დაივიწყე. ერთმანეთის გარეშე შანსი არ არის მეთქი. იყო ძალიან დიდი, 3-დღიანი გარჩევა, მაგრამ თავის აზრზე მყარად იდგა. შემდეგ რაღაცებზე შევთანხმდით, ერთ აზრზე დავედით..

სიყვარულის ისტორია

მე და სალის თითქმის 1 წელია, ერთმანეთის გარეშე 1 წუთიც არ გვაქვს გატარებული. თავიდან რომ შევხვდი, ზუსტად 1 წამში შემიყვარდა. რომ დავინახე, წამში მივხვდი, რომ ეს გოგო უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების მეგზური. იმ წამიდან ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც ერთად ვცხოვრობთ და 1 წუთი არ გვაქვს ერთმანეთის გარეშე გატარებული. ახლა 31 საათი გავიდა მის გარეშე, ჩემთვის სრული ჯოჯოხეთია. ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ 24-საათიანი პირდაპირი ეთერი იქნება ფეისბუკზე ან youtube-ზე და სულ, სულ ყოველთვის ჩართული მექნება.

ეჭვიანობა

ეჭვიანობის ფაქტორი ალბათ, არის, უცხო ხალხთანაა. ცოტას ვეჭვიანობ, ოღონდ, სალიმ ეს არ იცის (იცინის). თუმცა, მას თვალდახუჭული ვენდობი. სალი სულ სხვა პიროვნებაა, რაც ეკრანებზე ჩანს, იმის 10%-იც არ არის, რაც რეალურ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ყველაზე ერთგული გოგოა, თუ რამეს მიზნად დაისახავს, რაც უნდა დაუჯდეს, შანსი არ არის, რომ იმ მიზანს არ მიაღწიოს. ვენდობი, ერთადერთი რაც მაძლებინებს, ესაა.

ვფიქრობ, რომ  ყველა დავალებას თავს გაართმევ, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მე ვარ. თავადაც იცის, რომ მის ყველა გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ.