პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მეწყერმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მოვარდნილმა წყლის ნაკადმა მთლიანად დატბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, გმირთა მოედანი, „მზიურის“ პარკი და ზოოპარკი.
გარდაცვლილთა შორის იყვნენ ხობელი დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები. მათი თანმხლები 27 წლის მამაკაცი, სერგო კაპანაძე უგზოუკვლოდ დაიკარგა. ასევე დაკარგულია ბექა ბუთურიშვილიც.
„პრაიმტაიმი“ 2020 წელს სერგო კაპანაძის აღმზრდელ ბებიას, ნინო თევდორაძეს ესაუბრა, რომელსაც სჯერა, რომ სერგო ცოცხალია და ოდესღაც აუცილებლად გამოჩნდება.
„პრაიმტაიმთან“ ის პირველად ალაპარაკდა იმ თემებზე, რომელზეც წლების განმავლობაში დუმდა.
„არასოდეს მომიყოლია ეს ამბები. ძალიან სენსიტიური თემაა და ვერიდებოდი, მაგრამ გულში აღარ მეტევა“, – გვითხრა მან.
– სერგი კაპანაძის აღმზრდელი მე ვარ, 6 წლიდან გავზარდე. შვილებთან ერთად გავზარდე და შვილივით მიყვარს. მე ვარ სერგოს ბებიას (დედის დედა) და. ჩემი და ჩემზე 20 წლით უფროსი იყო და მე და სერგოს დედა, ანა ერთად გაგვზარდა, ფაქტობრივად.
დედასავით მიყვარდა ჩემი და, ასევე მისი შვილებიც ძალიან მიყვარს, რადგან და-ძმებივით გავიზარდეთ. სერგოს დედა, ანა ულამაზესი გოგო იყო. ერთი პერიოდი მოსკოვშიც სწავლობდა. შემდეგ ჩამოვიდა, აქ გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი და შეუყვარდა.
ჩემს დას ჰქონდა ბინა ქუთაისში, თეატრთან. ის ბინა შვილსა და სიძეს მისცა. ახალგაზრდები იქ ცხოვრობდნენ, მალე სერგო შეეძინათ, თუმცა სიძემ ოჯახს გული ვერ დაუდო და ცოლ-შვილი მიატოვა, მაშინ სერგო ერთი წლისაც კი არ იყო.
ანა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. გულჩათხრობილი გახდა. სოფელში წავედით, იქიდან ურეკში მივდიოდით დასასვენებლად და არ მოგვყვებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ქმარი მოაკითხავდა და სახლის დატოვება არ უნდოდა.
იჯდა ფანჯარასთან და ჭიშკარს უყურებდა. ელოდა, რომ შემოაღებდა კარს და ოჯახს დაუბრუნდებოდა.
დიდი ხვეწნის მერე წამოვიდა ურეკში. იქიდან 2 დღის დაბრუნებულები ვიყავით, როცა შეხვდა ყოფილ ქმარს, სამსახურში.
ამ შეხვედრიდან იმ სახლში წავიდა, სადაც ერთად ცხოვრობდნენ. ალბათ ფიქრობდა, რომ ქმარყოფილი იქ მივიდოდა, მაგრამ არ მისულა. რომ არ გამოჩნდა, დავიწყეთ ანას ძებნა. მივაკითხეთ სახლში.
მეზობელი მახლდა, ის ავიდა ზემოთ, ცოტა ხნის მერე ჩამოვიდა და მითხრა, – ანა სახლშია და მალე ჩამოვაო…
გულმა ცუდი მიგრძნო, ავირბინე ზევით და სულთმობრძავი ანა ვნახე, რომელსაც წერილი დაუწერია, „კარნიზზე“ თოკი ჩამოება და თავი ჩამოეხრჩო.
ჩემს ხელში დალია სული. ან როგორ გაუძლო ამ 2-მეტრიანი გოგოს სიმძიმეს, რატომ არ ჩამოინგრა, ხომ გადარჩებოდა ჩემი გოგო. საშინელ დღეში აღმოვჩნდით. სერგი 1 წლის და 2 თვის იყო, უდედოდ რომ დარჩა.
წერილში გვწერდა, რომ ბავშვი მამისთვის არ გაგვეტანებინა და ჩვენ გაგვეზარდა.
შვილის დარდს გადაჰყვა ჩემი დაც და მალე ისიც გამოგვეცალა ხელიდან.
6 წლის იყო სერგო, როცა დარჩა დედის, მამისა და ბებიას გარეშე. წამოვიყვანე ჩემთან და მას მერე ვზრდიდი.
არც არასოდეს მითქვამს, რომ დედამისმა მამამისის გამო მოიკლა თავი. მამის სიძულვილს არ ვუნერგავდი.
სერგო რომ წამოიზარდა, მამასთან ურთიერთობა დაიწყო. 17 წლისა თბილისში გადავიდა და გარკვეული პერიოდი მამასთან ცხოვრობდა, რომელსაც სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა.
დიდხანს ვერ გაძლო და შემდეგ მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად.
სერგო 27 წლის იყო, როცა 13 ივნისის ტრაგედია მოხდა.
დები ზარანდიები, რომლებიც ასევე წყალდიდობაში დაიღუპნენ, ახალი გაცნობილი ჰყავდა – 20 მაისს გაუცნია მეგობრის დაბადების დღეზე.
ბოლო პერიოდში აჩემებული ჰქონდა ცოლი უნდა მოვიყვანოო, ძალიან მოსწონდა ჟღალთმიანი გოგონები.
ფეისბუქი გაავსო წითელთმიანი მანდილოსნების ფოტოებით.
როგორც ჩანს, ერთმანეთს შეხვდნენ და იმ გზაზე მოხვდნენ წყალდიდობის დროს. ძალიან კარგი გოგონა იყო, ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, ალბათ ყველაფერი ქორწილით დასრულდებოდა.
ეკლესიური ვარ, მაგრამ სერგო რომ ვერ ვიპოვეთ, ფოთში ერთ ცნობილ ნათელმხილველთან წავედი. მან ახსენა წყალი და დღის მეორე ნახევარი. – სამნი იყვნენ, ორნი დარჩნენ და ორივე სხვადასხვა ნაპირზე გავიდაო.
მე ვიგულისხმე, რომ სამნი იყვნენ დები ზარანდიები და სერგო და ორნი დარჩნენ – ჩემი სერგო და მეორე დაკარგული, ბექა ბუთურიშვილი. შემდეგ წყნეთში, დედა ანასთანაც ვიყავი და იმანაც იგივე მითხრა – ცოცხალიაო.
მოვძებნე ბექას დედა და ვუთხარი, გიჟად არ ჩამთვალოთ, მაგრამ ასე მითხრეს, რომ ცოცხლები არიან ჩვენი ბიჭები-მეთქი. მეც ასე მითხრესო.
შემდეგ დედა თამართანაც ვიყავი და იმან მითხრა – ეს ის ბიჭი არაა, თავგზაარეული რომ დადისო? ხომ იცით, რაც გინდა, რომ მოხდეს, იმას იჯერებ.
შემდეგ მამა ნაომისთან ვიყავი, ყინწვისში. მან ლოცვა რომ დაიწყო, ის გზა გაიარა, რაც სერგომ, იმ ღამეს. კაცი იხრჩობოდა, ბუყბუყებდა და ბოლოს თქვა, ძლივს დავიხრჩეო.
არსებობს რამაზ ჩხიკვაძის გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, ზარანდიები და სერგო გზაზე მოდიან, გამყოფ ზოლზე, შემდეგ სერგო რაღაც დიდ მანქანასთან ჩერდება.
არ ვიცი, ეხმარება მძღოლს თუ რამეს ეუბნება, ისმის გოგონების ხმა, რომ, ეძახიან და მერე კადრი ჩერდება. ეგებ უშველა თავს? ეგებ მოხდა სასწაული და გადარჩა? ერთი და მზიურში ნახეს გარდაცვლილი, მეორე – ზოოპარკში და მე ისიც არ ვიცოდი, სად უნდა მეძებნა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არ ბრუნდება სერგო, თუ ცოცხალია?
– საქმე ის გახლავთ, რომ მან ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე ბიზნესი წამოიწყო მეგობრებთან ერთად, მაგრამ შემდეგ მეგობრებმა უღალატეს და სერგოს ვალი დაედო. ვფიქრობ, რომ ალბათ ვალის გამო არ ბრუნდება, რადგან არც ისე პატარა თანხაზე იყო ლაპარაკი.
იურიდიულად გარდაცვლილად ცნეს სერგო. ჯერჯერობით არც მკვდარი ჩანს და არც ცოცხალი. მისი ტანისამოსი შენახული მაქვს, მისი წინდები და სიგარეტის კოლოფი, რომელშიც ერთი ღერი სიგარეტია.
ასევე შენახული მაქვს ანას დღიურები და ბოლო წერილი. მისი დღიური 13 რიცხვიდან იწყება. 13 რიცხვი დედისთვის და შვილისთვის ერთნაირად უბედური აღმოჩნდა.