1731009381
„ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი...“ - გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს პირველმა თოვლმა ბავშვობის გაუმხელელი სიყვარული გაახსენა და სოციალურ ქსელში ჩანახატი გამოაქვეყნა.
„ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, რომ იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სანამ მოვა, ბავშვი ხარ და ცას უყურებ. გინდა შეივსოს ის პატარა ბაცი ლურჯი ნაწილი ცის, გურიკას სახლის თავზე რომ არის. შავი ღრუბლით შეივსოს.
„შავი ღრუბლების შეგროვება შენს თავზე“ მაშინ კარგ რამეს გულისხმობს. ანუ უკუღმაა ყველაფერი - ბავშvობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს. ჰოდა, შეივსო ის ლურჯი და წამოვიდა. სამ დღეში სახლი გადასათოვლი გახდა. ასე დაემთხვა, მარტო მე და მამაჩემი ვართ შინ. ამიყვანა სახურავზე. სახურავზე ასვლა უდრის ყველაზე მაღლა დგომას. ყველაზე და ყველაფერზე.
ყრის თოვლს და ვუყურებ. სიხარული მგუდავს საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო. და მინდა იმ გოგომ დამინახოს. სახურავზე ვდგავარ ბოლო-ბოლო. და თოვს. მაგრამ გოგო შორსაა. შორს რა - ალბათ ხუთი კილომეტრით იქით. და გოგოს სულ ცალ ფეხზე კიდია. და მე ნელ-ნელა ვბრაზდები.
ვიწყენ. წუხილი საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო მგუდავს. და ვთხზავ: ვერტალიოტი მოფრინდება და მე ვჯდები, ვითარცა რემბო ან ვან დამე (E-ს ეგრე ვკითხულობდი) და მივფრინავ იმ გოგოს სახლთან და ვიტაცებ. „ვსო, ჩევეით ქვეით, მეტი აღარ უნდა“. სწორად მოგესმათ - ეს მამაჩემის ხმაა. ქვევით ცეცხლი თავიდანაა დასანთები. ანთე- ბს, მე კი ვიტირო მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ მამაჩემი ვერ გაიგებს. ამიტომაც თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ. ეგეთი გაუგებარი რამეა სიყვარული. ხან სულაც გაუმხელელი. ნაღდი სიყვარული გადასათოვლი სახლით.“ - წერს კეკელიძე.