„ეს ვირუსი 95%-ს აქვს და შექმნეს ანტისხეული, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თამაში…“ - რას წერს ჯანდაცვის ექსპერტი

გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში Epstein–Barr virus-ის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ვირუსით ადამიანების დაახლოებით 90–95% ცხოვრების განმავლობაში ინფიცირდება.

მისი განმარტებით, EBV ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია მსოფლიოში, რომელიც ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე რჩება. იგი იწვევს მონონუკლეოზს და დაკავშირებულია გარკვეულ ონკოლოგიურ და ნევროლოგიურ დაავადებებთან. ვირუსის კონტროლი რთულია, რადგან ის „იმალება“ იმუნურ უჯრედებში და შესაძლოა გარკვეულ პირობებში კვლავ გააქტიურდეს.

პროფესორი ახალ სამეცნიერო კვლევაზეც საუბრობს, რომლის ფარგლებში მეცნიერებმა შექმნეს ანტისხეულები, რომლებიც ბლოკავენ ვირუსის უჯრედში შეღწევას. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ იწყებს ინფექციას ახალ უჯრედებში, რაც შესაძლოა ახალი თერაპიული მიმართულების საფუძველი გახდეს.

თუმცა, როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, აღნიშნული აღმოჩენა ჯერ ლაბორატორიულ, პრეკლინიკურ ეტაპზეა და ადამიანებში მისი გამოყენება ჯერ არ არის დამტკიცებული. ამ დროისთვის EBV-ის სრულად აღმოფხვრის ეფექტიანი მკურნალობა არ არსებობს და ვირუსს ძირითადად იმუნური სისტემა აკონტროლებს.

სპეციალისტის შეფასებით, მომავალში შესაძლებელია მიზნობრივი თერაპიების განვითარება, რაც EBV-თან ბრძოლაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქცეს.