ეს სათამაშოები საშიშია! - ბაზარზე არსებულ 77 სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა

სათამაშოები

2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ, რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ პერიოდში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შემოწმდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონებიდან შემოსული 8146 სათამაშო.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტური შემოწმება ჩაუტარდა 45 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 130 დასახელების სათამაშოს, საიდანაც რეალიზაცია შეუჩერდა 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ განთავსებულ 77 სათამაშოს, ხოლო 4 ეკონომიკურ ოპერატორს დადასტურებული საფრთხის საფუძველზე დაევალა ბაზარზე განთავსებული 4 სათამაშოს გამოთხოვა.

გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა 28 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 71 სათამაშოს.

„8 სათამაშოს შემთხვევაში ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო 26 სათამაშოს შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ არსებობს შემდეგი სახის შეუსაბამობები: სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრების (სერია MBK-326, მწარმოებელი MEI BO KAI) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო შეიცავს 191.8 მგ/კგ ტყვიას, რაც 95.9-ჯერ აღემატება დასაშვებ ლიმიტს. ეკონომიკურ ოპერატორს დაევალა აღნიშნული სათამაშოს გამოთხოვა; მუსიკალური სათამაშოს ქსილოფონის (სერია/მარკა: frog insects knock xylophone მწარმოებელი - Mut) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს ძვრება საღებავი, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა, ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამწლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება და შესაბამისად სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს მცირე ზომის ნაწილებს და არ უნდა ძვრებოდეს ისინი;

სხვადასხვა ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 8 ტყლარწის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თითოეული ტყლარწი შეიცავს ბორის მიგრაციის დასაშვებ ნორმაზე მეტ ოდენობას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში 2-ჯერ, 10-ჯერ და 30-ჯერაც კი აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ბორი წარმოადგენს კარცეროგენურ, მუტაგენურ და ტოქსიკური რეპროდუქციის CMR ნივთიერებას, რომელიც იწვევს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა. ეკონომიკურ ოპერატორებს დაევალათ აღნიშნული სათამაშოების გამოთხოვა;

სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 13 სხვადასხვა სათამაშოს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სათამაშოებს ძვრებოდა მცირე ნაწილები. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, შესაბამისად, მცირე ზომის ნაწილების გადაყლაპვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. წაიკითხეთ სრულად