1732262182
„ეს ნისლი არ არის, დახურეთ ფანჯრები!“ - გაფრთხილება დედაქალაქის მოსახლეობას
დილიდან, თბილისი ბურუსშია გახვეული. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ნისლი არ არის.
„თბილისში ტრანსსასაზღვრო დაბინძურება დღესაც არის. ნისლი არ არის, ეს სმოგია. დახურეთ ფანჯრები და ნუ გახვალთ გარეთ სპეციალური პირბადის გარეშე“ - წერს გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“.
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა.
„ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.
აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.