"ეს ჭიქები გარეცხე? ვაიმეეე!!!" - უნდა წაიკითხოთ ამბავი, რომელიც საბერძნეთში, ემიგრანტ მანჩოს გადახდა

macho

ეს ამბავი ემიგრანტს გადახდა. იცით, თუ რაოდენ დასტრესილია საშოვარზე გადაგებული ყველა ემიგრანტი ნებისმიერ ქვეყანაში. ეს გახუნებული სიტყვები არ არის. ძალზე დიდი სტრესია უცხო მიწაზე და სხვის ოჯახში, შრომაში გატარებული ყოველი დღე. მით უფრო "მდიდრების" აპარტამენტებში. ყველას ხო თავისი პოხონდრიები აქვს, მდიდრებს ერთი ორად მეტი. უადგილო კაპრიზები, ოქროს თევზები მინდააა და მორჩა...

მოკლედ, ქალბატონი, ვინც ეს ისტორია მიამბო, ათი წელია საბერძნეთშია. ბოლო სამი წელი მილიონერი ბერძნების აპარტამენტის ჭერქვეშ ცხოვრობს. საჭმელს ამზადებს, ალაგება-მაგასპინძლება, წადი-წამოდი, შოფინგი, გაკრიალ-გაპრიალება სულ ამ ქალის კისერზეა. მანჩოც ჯან-ღონესა და სიჭარმაგის წლებს ერთიანად ალევს ვასილიადების ოჯახს. 

ერთ დღეს ოჯახში წვეულება გაიმართა. გაიშალა მოფურშეტო "ფიმ ფამ ფო" სუფრა, კბილის ჩხირებზე აცმული ხილ-ბოსტნეულითა და გამთენიისას დადებული მწყრის კვერცხის სალათებით, მაყვალში ამოვლებული თინეიჯერი ინდაურების მწვადებით, ავოკადოს სოუს წათხიპნილი ყაბაყების ხვეულებითა და თაფლში დამარინადებული ღორის სტეიკებით. ნუ, მოკლედ, იყო მზარეულების გამიშვი-დამაკავე. ნაირფერი ღვინო თუ შამპანური - ბოკლებში კიაფობდა... შეიხრა და შეისვა ყველაფერი... სტუმრები წავიდნენ, ალაგდა, მისუფთავდა, დაირეცხა და დაკრიალდა ყველაფერი. აი, აქ იწყება ამბავი. მანჩომ ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან ჭიქები ამოალაგა და ელდა ეცა! ყველაზე ძვირად ღირებულ მაღალ ფეხიან ფრუჟერებს ოქროს რკალები შემოცლილი ჰქონდა...

მოგუდულად დაიღმუვლა, ისე, რომ დამლაგებელს ან ვინმეს, არ გაეგო. მოოქროვილი 12 ჭიქა სულ ერთიანად იყო გადარეცხილი და ძველებური სხივი დაჰკარგვოდა. 

რა ქნას? რა წყალს მისცეს თავი? მე შენ გეტყვი, გავარდება, შესწვდება და იყიდის შემცვლელს, თუ...? ისეთი ძვირად ღირებულია აპარტამენტში ყველაფერი, მხოლოდ ამ ჭიქების საფასური, ალბათ, მანჩოს თვეების ხელფასია. მოკლედ, შიგნით ჩაიბრუნა ამხელა სტრესი და წელგათრეული შელასლასდა თავის ოთახში; დაეგდო საწოლზე და მაშინვე, ფუტკრებივით თავს დაეხვია ფიქრები, გამოსავლის პოვნისკენ რომ იკვლევდნენ გზას. 

დაგუგლა ჭიქის ყუთზე მითითებული ბრენდი, ქარხანა, მისამართი, გამკეთებელს ჩაჰყვა საფლავში... იტალიური აღმოჩნდა ფრუჟერი. წაიკითხა, რომ ჭურჭლის მანქანაში არ უნდა გარეცხილიყო. ერთი ცალის ფასი სამას ევროს უკაკუნებდა... დაცხა! პირი გაუშრა. ძილი არ უწერია და რამდენ ღამეს, ვინ იცის. 

მაგრამ უცებ გაუნათდა, საქართველოში, ქმარს გაუგზავნის ჭიქებს და ოქრომჭედელი იხსნით განსაცდელისგან. რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი. ერთ კვირაში კი ვასილიადების იტალიური "ფიმ ფამ ფო" ფრუჟერები თბილისში, ოქრომჭედელს ედო ცხვირწინ და გამადიდებლით აკვირდებოდა ათენის მდუღარე წყლით გადარეცხილ არშიებს... 

"ამას მე ვერ მოვკიდებ ხელს. მინაზე ოქროთი არ მიმუშავია" - უთხრა ერთმა. მივიდა მეორესთან. იმანაც გამოისტუმრა. ჭიქები დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის მხატვრებმაც. ვასიალიადები კი აზრზე არ იყვნენ, თუ სად მოგზაურობდნენ მათი ჭიქები და რა ტრესში იყო მანჩო, რომელმაც თავისი ნერვიულობა ქმარსაც გადასდო. 

გაიღვიძებდა, ეს ჭიქები ელანდებოდა, დადიოდა, მათზე ფიქრობდა, საჭმელს გემოს ვერ ატანდა...

ამასობაში ერთმა ავლაბრელმა ოქრომჭედელმა საქმე თავზე აიღო და ჭიქებს ოქროს არშიები შემოარტყა. ისევ აკიაფდნენ ფრუჟერები, აკეკლუცდნენ და მალე სახლში, ადგილსაც დაუბრუნდნენ. იმ ღამეს არავის ისეთი გემრიელი და ღრმა ძილით არ ეძინა მთელს პლანეტაზე, როგორც მანჩოს. 

ჭიქები არც არავის მოუკითხავს, სახლი მიაქვს ჭურჭელს, ან ვის რას შენიშნავდა... და ჰოპლა! ვასიალიადებში ისევ წვეულების სურნელი დატრიალდა... მოლაგდა ბერძენი ელიტა. მანჩო ამაყად ტრიალებდა. დაილია, შეიჭამა, ირუზრუზა გარემომ... 

დამხმარე ქალბატონებმა მიალაგეს სახლი. მანჩო ოჯახის დიასახლისმა ქალიშვილის აპარტამენტში გაგზავნა, ხვალისთვის კაბა დაუუთოვეო. როცა დაღლილი სამზარეულოში დაბრუნდა, იქ მოფუსფუსე იანა დახვდა, მოლდაველი დამლაგებელი.

"ჭურჭლის მანქანამაც დაასრულა რეცხვა" - თქვა იანამ და კმაყოფილმა გამოაღო მანქანის კარი, დარეცხილი ჭურჭელი გამოალაგა და "უიიჰ", შეჰყვირა. "ამ ჭიქებს ოქროსფერი რკალები ხომ ჰქონდა, მანჩო?"

მანჩო წყალს სვამდა და ამ ფრაზაზე ჭიქა ხელიდან გაუვარდა! აფთარივით მიეჭრა ჭურჭლის მანქანას და დაორთქლილი ჭიქები დაათვალიერა.

"ეს ჭიქები გარეცხე? ვაიმეეე!!! იანა!" - ჩაიკეცა მანჩო, მაგრამ გონს უცებ მოეგო და იანას "მიდგა": - ქალო, არ უნდა იკითხო ასეთი ჭიქები რომ გააქანე და მდუღარეში დარეცხე? სულ წაგიშლია ოქროები!"

"საიდან უნდა მცოდნოდა?" - მოულოდნელი რეაქციით დაუხვდა იანა. "რა ვქნა, დიდი ამბავი. კარადაში დავდებ უკანა მხარეს, ვერ დაინახავენ."

"როცა ნახავენ, პასუხს შენ გასცემ" - ემოციის თავი აღარ ჰქონდა მანჩოს.

"გავცემ" - იყო პასუხი... "ნეტა, ერთი შენ..."