„ერთმანეთს თანამგზავრები თუ ჩამოუყარეს, აღარც ინტერნეტი იქნება, აღარც ტელეფონები, საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ...“ - მეუფე იაკობი ომზე

მეუფე იაკობი

საშიში ის კი არ არის, ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, საშიში ის არის ერთმანეთს თუ თანამგზავრები ჩამოუყარეს - ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს, იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სასულიერო პირმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.

„ორი მხარე იყო, ერთი თითქოს უკრაინისკენ იყო, მეორე - რუსეთისკენ. ერთი ამბობდა, აუცილებლად ეს მხარე გაიმარჯვებს, მეორე ამბობდა ეს მხარე გაიმარჯვებს. სინამდვილეში რა უხაროდათ მაგათ?
რაც ომი დაიწყო, საქართველო რა დღეში იყო იმის მერე. რუსი რომ ოკუპანტია და ოკუპაცია აქვს ჩვენს ტერიტორიაზე, ყველამ ვიცით, მაგას ვინ დამალავს. მეორე მხარეს რა ხდებოდა, ვისთანაც ვიდექით და სოლიდარობა გვქონდა, უკრაინა იქნებოდა, თუ დანარჩენი მსოფლიო, რა ხდებოდა იქ? იქ ხდებოდა ის, რომ როცა ევროკავშირის კანდიდატობაზე იყო ლაპარაკი, რამდენიმე ბალტიისპირელი დეპუტატი გამოვიდა და როგორ გვებრძოდა, ასევე უკრაინელი გამოვიდა და საქართველო არ უნდა მიიღოთო, ასევე პრეზიდენტის მრჩეველი რომ არის პოდოლიაკი, არესტოვიჩი იმავეს იძახოდა.

შე დალოცვილო, ევროპაზე რომ გაქვს პრეტენზია, იციან საერთოდ ევროპა რა არის? ევროკავშირი კი არ არის ევროპა, არამედ, ღირებულებებია. ეს არის ქრისტიანული ღირებულებები, ათი მცნება უნდა დავიცვათ, ცხრა ნეტარება უნდა დავიცვათ. ევროპა ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც ასეა, ბევრი საუბრობს, რომ ქრისტიანია. საქართველომ სირცხვილი ააცილა მთელ მსოფლიოს, ქრისტიანობას და ყველა კონფესიებს, ერთადერთი ერი ვართ, რომელმაც პანდემიის დროს ღმერთს არ უღალატა. მადლობა თქვენ, რომ ასეთები ხართ. და ვის უთხრა ევროპამ უარი ? ეროვნული ღირებულებების მატარებელ ერს, უთხრა უარი. მაინცდამაინც იმით კი არ ვცხონდებით, ევროკავშირში შევალთ, თუ არა, დიდი მადლობა, რასაც ჩვენთვის აკეთებდნენ და აკეთებენ, ევროპა, ამერიკა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ხომ არ გვჭირდება ევროპა? მარტო საქართველოს კი არა, მთელ კავკასიას დაკარგავენ და რუსეთი, ჩინეთი, ირანი იქ არიან.

ჩვენ პარტნიორებს, არასოდეს ვღალატობთ. ასი ათასი კაცი გავიდა, გინდაც ხუთასი ათასი გასულიყო, სამ მილიონ კაცს გვინდა კარგად ცხოვრება, რაღაცით ხომ უნდა შემიწყო ხელი, ვისზე ნაკლები ვართ, ცივილიზებულობით გვჯობია, კულტურით გვჯობია, თუ ჩვენ არ გვინდა. ან ეს ოპოზიციონერები რომ დადიან გარეთ, არ მიიღოთ, ინვესტიციები არ ჩადოთ, მე უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებისგან ვიცი ეს. თითქოს ამით ელოდებიან, რომ თვითონ მოვლენ. ერმა რამდენ არჩევნებზე გითხრათ უარი, თქვენს საქციელზე გითხრათ უარი, ვერ გაითავისეთ.ევროპაში ვიყავი ცოტა ხნის წინ და იქ ომის საშიშროება იგრძნობა, იქ ომი არ უნდა გადავიდეს, იქ თუ რაღაც დაიწყო, ყველაფერი აირევა.

თუ ასე ვანგრიეთ უკრაინა, ვინ ააშენებს, თბილისის ომი რომ იყო, რამდენი ხანი დასჭირდა აღდგენას, იმოდენა რაღაცას ვინ აღადგენს. ომი რომ დამთავრდება, ნახავთ რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, მილიარდერი გახდა, ისინიც კი, ვინც საქართველოს უტევდა. ღმერთმა ქნას ომი მალე დამთავრდეს, საშიში ის კი არ არის, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, ამაზე უარესი უნახავს მსოფლიოს, საშიში ის არის, ერთმანეთს თანამგზავრები თუ ჩამოუყარეს, აღარც ინტერნეტი იქნება, აღარც ტელეფონები, საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ. ამბობენ, უკრაინაში ბავშვებს კლავენო, ომი რომ იწყება, იმან ეროვნება არ იცის, სხვებიც კვდებიან იქ, რუსებიც და სხვა ეროვნებისაც. ამერიკის სასამართლომ რომ მიიღო აბორტებზე გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება, ყვიროდნენ, ქალების უფლებები ირღვევაო, დედები რომ შვილის მკვლელობის ხდებიან, ამის მერე უკრაინელებზე წუხხარ, დავიჯერო“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.