„ერთმანეთი თურქეთში გავიცანით... იმდენი გაჭირვება გადაგვიტანია... იყო თვეები, როცა პურზე შაქარს ვიყრიდით“ - ცნობილი ინფლუენსერი პირადზე

ika natia

წლების წინ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ თითზე ჩამოსათვლელ ბლოგერებს ვიცნობდით, იკა და ნათიას წყვილი საზოგადოებამ განსაკუთრებულად გამოარჩია და შეიყვარა. ამას მოწმობდა მათი ვიდეოების მნახველთა რაოდენობა და დადებითი კომენტარები. იღებდნენ სახალისო ვიდეოებს, რაც შემდეგ მთელ სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა.

ნათია წიქარიძე „პრაიმტაიმს“ იმ გრძელ და რთულ გზაზე ესაუბრება, რომელიც მეუღლესთან ერთად გამოიარა. 

- სად და როდის გაიცანი შენი მეორე ნახევარი? 

- ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ალასანიას უნივერსიტეტში. თურქეთში დედაჩემთან ჩავედი, 3 თვე რომ მემუშავა, თანხა დამეგროვებინა და საქართველოში წამოვსულიყავი. ირაკლი იქ გავიცანი. ესეც ზუსტად მაგ მიზნით, სამი თვით იყო ჩასული. გავიცანით ერთმანეთი, თავში პეპლები დაგვიტრიალდა და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც.

მოხდა ისე, რომ სწავლა ვერ გავაგრძელე, აკადემიურის აღებაც ვერ მოვახერხე და იქ დავრჩით. ორივე ტანსაცმლის ფაბრიკაში ვმუშაობდით. დილით 8-დან საღამოს 8 საათამდე ფეხზე ვიდექით. 1 საათი იყო შესვენება.

- როგორ დაიწყეთ სახალისო ვიდეოების გადაღება, გსურდათ სოციალურ ქსელებში პოპულარობა მოგეპოვებინათ?

- ახალ წელს, პირველად, ჩემი დედამთილი ჩამოვიდა თურქეთში და საჩუქრად Iphone 6+ ჩამომიტანა. ამ საჩუქრის მიღების შემდეგ დავიწყეთ სახალისო ვიდეოების გადაღება, თან მხოლოდ ჩემს მეგობრებს ვუზიარებდი ხოლმე.

ერთმა მეგობარმა ჩვენი ვიდეო თავის გვერდზე წაიღო, შემოგვემატა ბევრი ახალი მეგობარიც. 1 000 ნახვაზე რომ ავიდა ვიდეო, შოკში ვიყავით, მაშინ ეს ჩვენთვის 10 000 ნახვას უდრიდა. შემდეგ გვერდის გაკეთებაზე დავიწყეთ ფიქრი. 

ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ სოციალურ ქსელებში პოპულარულები ვყოფილიყავით. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამხელა აუდიტორია გვეყოლებოდა. პატარაობიდან სულ მინდოდა ჟურნალისტიკაზე მესწავლა. ვითომ გადაცემა მიმყავდა ხოლმე და რაღაცებს ვდგამდი.

- ხალხთან, აუდიტორიასთან კომუნიკაცია თუ გივსებს ამ დანაკლისს?

- კი, რაღაცნაირად შემივსო, ეს ჩვენი ცხოვრება გახდა. პირველი ვიდეო რომ გავაკეთეთ, „პრეტენზიული ორსულები“ ბალიში მედო, დიდი ჰუდი მეცვა და მართლა ორსულს ვგავდი. წინასწარ არაფერს ვდგამდით. ეს ვიდეო ძალიან გავარდა, მილიონ ნახვას გადასცდა. ბევრი კომენტარი ჰქონდა, ბევრმა გვერდმა ნახა. გამომწერები გვემატებოდა და გვემატებოდა. ხალხისგან ამხელა სიყვარული რომ წამოვიდა, უკვე ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა აქტუალური ყოფილიყო. შემდეგ დავიწყეთ „ეჭვიანი ცოლი“ და ა.შ. ყველა ვიდეოს კარგი გამოხმაურება ჰქონდა, რაც ყველზე მეტად გვახარებდა, ცუდი კომენტარები არ იწერებოდა. თითქოს, ეს ადრე არ იყო. თან ბევრი არ იყო, ვინც წყვილში იღებდა, ახლა ყველამ ვიდეოების გადაღება დაიწყო.

სამსახურში ერთი დღე გვქონდა ხოლმე თავისუფალი, კვირა დღეს არ ვმუშაობდით, თუმცა, ხანდახან გვიწევდა. შესვენებებზეც, იმ ერთ საათს ვიდეოების გადაღებაში ვიყენებდით.

- თურქეთში რამდენ ხანს შემორჩით? 

- წავედით 3 თვით და 5 წელი შემოვრჩით. ძალიან, ძალიან რთული იყო. ახლა ყოველდღიურობას ვაზიარებთ, ადრე ეგრე არ ხდებოდა. იმდენი გაჭირვება, რთული მომენტი გვაქვს გადატანილი... მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემს გაჭირვებაზე მომეყოლა და ხალხისთვის თავი შემეცოდებინა. პირიქით, პოზიტივი, პოზიტივი და პოზიტივი. ვცდილობდით, ერთხელ მაინც გაგვეღიმებინა ვიღაც.

18 წლიდან ორივე დამოუკიდებლები ვართ. 1 თეთრიც კი არავისგან მიგვიღია. 5 წლის განმავლობაში ჩვენი პატარ-პატარა მიზნებისთვის დავაგროვეთ თანხა, გადავიხადეთ ქორწილი, ბინა ვიქირავეთ, მალე პირველი შვილი, ნიცაც გაგვიჩნდა.

ძალიან რთული ცხოვრება გავიარეთ. თავიდან როცა ენა არ იცი, თავის დამკვიდრება რთულია. ზოგიერთ მაღაზიას ეწერა არ მოიპაროთო. დღემდე ასეა ყველა ქვეყანაში. ქართველებს პოტენციურ ქურდებად უყურებენ. ფაბრიკაში 12 ქართველი ვიყავით, დანარჩენი ყველა თურქი, ყოველდღიურად ჩანთებს გვიმოწმებდნენ, მხოლოდ ჩვენ, რამე ხომ არ მოიპარე, ზედა ხომ არ წაიღეო... წარმოიდგინეთ, რამდენად დამამცირებელია, რადგან შეგუება გიწევს.

- ოჯახის შექმნა, ურთიერთიერთობის გაოფიციალურება როდის გადაწყვიტეთ?

- ერთად ცხოვრება 2 წელ-ნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ. ვაგროვებდით ფულს, მალე ჩამოსვლა გვინდოდა. ერთი შეხედვით შეყვარება ბანალურია, მაგრამ თითქოს პირველივე დღიდან გვინდოდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვყოფილიყავით. ყველაფერი ერთად გამოვიარეთ. იმდენი რამ ვნახეთ, ადრეულად დავბერდითო, რომ იტყვიან, ისე მოხდა (იცინის).

ბევრს ჰგონია, რომ ფულიანი დედიკოსა და მამიკოს შვილები ვართ, ჩვენ რა გვიჭირს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი შრომით გაგვეკეთებინა ყველაფერი, წავედით, ვიმუშავეთ, ბევრჯერ გამოვიცვალეთ სახლი, სამსახური, ბევრჯერ ყოფილა, რომ ხელფასი არ გვქონდა აღებული და გვიშიმშილია. პურზე შაქარი დაგვიყრია და ისე გადაგვიტანია ერთი, ორი თვე. მაშინ ვიზა არ გვქონდა, სამი თვე რომ გავა, უვიზოდ ხარ და ქუჩაში სიარულიც საშიშია, რადგან პოლიციამ თუ შეგამოწმა, დაგარეპორტებს და უკან დაგაბრუნებს. შესაბამისად, ყველანაირად შეზღუდულები ვიყავით. დილით გავდიოდით, საღამოს ვბრუნდებოდით. ეს იყო ვაკუუმი.

- ამ ყველაფრის შემდეგ მიიღეთ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება?

- ამაზე პირველად ვსაუბრობ საჯაროდ - თბილისიდან კაცი დაგვიკავშირდა, რომელიც ზღაპრულ პროექტებს დაგვპირდა. რა თქმა უნდა, გაგვიხარდა და გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა. მოტყუებულები დავრჩით, ისე ვერ გაგრძელდა, როგორც გვპირდებოდა. ბევრი რამ მოგვატყუა, ფინანსური პრობლემები შეგვიქმნა, მახეში გავებით... რთული იყო, მაგრამ გადავლახეთ. ზოგი ჭირი მარგებელიაო, მარცხის შემდეგ აქ უკეთ განვვითარდით.

- რას აკეთებდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

- აქ დაბადების დღის ცენტრში დავიწყეთ მუშაობა, ღონისძიების წამყვანები ვიყავით. ბავშვებს ძალიან ვუყვარდით, დღეში 4-5 დაბადების დღეც ჩაგვიტარებია. ბატუტ-ცენტრში დაბადების დღის წაყვანას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, თუმცა ძალიან მოგვწონდა, რასაც ვაკეთებდით. შემდეგ ორსულად დავრჩი და მუშაობას თავი დავანებე. ამ პერიოდში ვიდეოების გადაღებას უფრო მოვუმატეთ.

ჩვენმა ქორწილის ვიდეომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ძალიან ემოციური იყო, იმდენი ვიტირეთ, კადრში კიდევ არ ჩანდა. მაკიაჟი აღარ მქონდა ბოლოს. ამ ემოციებს ვერ ვხსნი, ყველა ემოციამ თავი ერთად მოიყარა და ვერ გავჩერდით. 5 წელი ისედაც ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ის მომენტი, შეხვედრა, ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. 1 კვირაში, მგონი, 30 000 გამომწერი მოგვემატა. დღემდე გვემატება და გვემატება.

-  თქვენი ოჯახი უკვე 4 წევრისგან შედგება, მათ შორის, 2 მცირეწლოვანია. შესაძლებელია, რომ ინფლუენსერობით ოჯახი არჩინო?

- ოჯახს ძალიან ბევრი რამ სჭირდება. გამომწერების მომატების შემდეგ Instagram-ზე ბევრი შემოთავაზება მივიღეთ, თავიდან ბარტერული, საჩუქრებს გვიგზავნიდნენ, შემდეგ დიდი, კარგი კომპანიები დაინტერესდნენ ჩვენით. ისეთ რეკლამას არასდროს ვიღებთ, რასაც ჩვენ არ ვიყენებთ. ვხუმრობ ხოლმე, ყველა რეკლამა რომ ამეღო, ერთი კი არა, სამი ბინა მექნებოდა ნაყიდი-თქო. ყველაფერს ვერ დაარეკლამებ.

ახლა რამდენიმე კომპანიასთან მაქვს 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმებული, ეს არის ჩვენი ძირითადი შემოსავლები. ამასთან, მე და ირაკლი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობთ, ასევე, ირაკლის მანქანები მოსწონს და ამ მხრივ ცდილობს, ოჯახს დამატებით შემოსავალი შემოუტანოს. გაჩერებულები არ ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს კარგი მომავალი შევუქმნათ.

- ნათია, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რომ ბინას კარგავდით. დადეთ ანგარიშის ნომერი, სადაც თქვენი გულშემატკივრები და გამომწერები თანხას გირიცხავდნენ. ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილი გააღიზიანა, საჯარო დაპირისპირებასაც არ ერიდებოდნენ. რა მოხდა, ზუსტად რომ გვითხრათ...

- ჩვენი ოცნება იყო, საკუთარი სახლი გვქონოდა. მივედით იმ ფაზამდე, დაახლოებით, 1 წლის წინ, რომ იპოთეკური სესხით შეგვეძინა. დიდხანს ვარემონტებდით, ზუსტად ისეთი გავაკეთეთ, როგორიც გვინდოდა. სამწუხაროდ, რაღაცები ვერ გავითვალისწინეთ, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. შეგვეძინა მეორე ბავშვი, დაგვეკისრა მეტი ვალდებულება, რაც გვეგონა გამოვიდოდა, არ გამოვიდა და სესხის გადახდა ვერ შევძელით. 

ბინას მაისის თვიდან ვყიდით, მაგრამ ამის შესახებ ჩემს სოცქსელებში არაფერი დამიწერია. ვიცოდი, რომ გული ძალიან დასწყდებოდათ და ჩუმად მოგვარებას ვცდილობდი. ეს პროცესი რომ გაიწელა, მივედი გადაწყვეტილებამდე და Instagram-სთორიში დავდე. ბინა მდებარეობს ყაზბეგის გამზირზე, 6-სართულიანი კორპუსია. მოდიან, ნახულობენ, თუმცა, ლიფტი არ არის და ამის გამო იწუნებენ. ამ ყველაფერს სისტემატური სახე მიეცა უკვე.

- თქვენ რატომ არ შეგიქმნათ ამან დისკომფორტი, როდესაც შეძენა გადაწყვიტეთ?

- ადგილმდებარეობა მოგვეწონა და ამაზე მაშინ არც გვიფიქრია. ორსულად ვიყავი და ჩვეულებრივ ავდიოდ-ჩავდიოდი, ამას პრობლემა არ შეუქმნია. რატომღაც ლიფტის ამბავი ძალიან დიდი პრობლემა გახდა. ყველაფერს ვტოვებთ, ავეჯით და ტექნიკით ვყიდით. 127კვ.მ-ია, კვადრატული 1100 დოლარიც არ გამოდის. 

ესეც არსად მითქვამს ჯერ, რადგან ვერ ვიხდით, ბანკთან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, 22 დეკემბრამდე თუ არ გაიყიდა, სახლი ბანკის სახელზე გადავა. ამ ფაქტს არ ვუშვებ, იმედი მაქვს, იქამდე გაიყიდება, დეკემბრამდე ჯერ დროა. 

- აგორდა ცილისმწამებლური კამპანიაც, რომ ბოროტად იყენებდით საზოგადოების მხარდაჭერას...

- ბინა გასაყიდად რომ დავდე, ძალიან ბევრი შეტყობინება წამოვიდა. ვიწექი და ვტიროდი, უცხო ადამიანები ისეთ თბილ სმსებს მწერდნენ. თან იმ დროს, 3-4 დღეში ბანკში თანხა უნდა შეგვეტანა, რაც არ მქონდა. გამომწერები მარწმუნებდნენ, რომ ანგარიშის ნომერი დამედო და მათი სურვილით, დახმარება მიმეღო. ქვეყანაში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, მოხუცი, მშიერი ბავშვი, რომელთაც დახმარება სჭირდება, მე ძალიან მერიდებოდა.

ღამით ჩემმა მეგობრებმა ანგარიშის ნომერი დადეს. დილით თანხის ჩარიცხვის სმს-ები რომ მომდიოდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბევრი ვინერვიულე, ვიფიქრე და ანერვიულებულმა ვიდეო ჩავწერე. ბანშკი ვალი 300 000-400 000 ლარი მაქვს, თქვენ ფიქრობთ, რომ ვიფიქრებდი ხალხისგან ამხელა თანხის შეგროვებას? ერთი წამითაც არ გამფიქრებია. ვთქვი, რომ მივიღებდი მათ დახმარებას, სიკეთეს კი სიკეთით დავაბრუნებდი.

ვიდეო მალევე ავიღე, სწრაფად ირიცხებოდა და არ მინდოდა, დიდი თანხა მოგროვებულიყო. 19 სექტემბერს ბანკში თანხა შევიტანე, ერთი ოზურგეთელი ბიჭი იყო, ვისაც თანხა გადავურიცხე და იყო დედა, რომელსაც ბავშვისთვის სჭირდებოდა ფული. ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ გავაკეთე. ვისაც როგორ უნდა, ისე ხარშავს ყველაფერს.

არ ვიცი, ამხელა აგრესია რატომ გაუჩნდათ. არასდროს მიფიქრია, ვინმესთვის გული მეტკინა და ცუდი კომენტარი დამეწერა.

წერდნენ, რომ ბინები გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საბურთალოზე არსებული ბინა შევინარჩუნოთ. ყველაფერი საჯაროა, შეგიძლიათ ნახოთ, გვაქვს თუ არა სხვა ბინა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბანკიდან თანხის აღება შეგვძლებოდა.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან ამხელა აგრესია მიიღეთ?

- ამ ყველაფერმა გამაძლიერა. თითქოს მანამდე სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, მართლა არ მეგონა, რომ ამხელა აგრესიის გამოხატვა შეიძლებოდა. რომ დავფიქრდი, მივედი დასკვნამდე, რომ უნდა ვისწავლო ფსიქოლოგია.  დღეს პირველი ლექცია მაქვს, 10-თვიანი პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსის გავლას ვაპირებ, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი პლატფორმებით მომავალ თაობას, მოზარდებს დავეხმარები. ვეცდები, რომ სამყარო უკეთესობისკენ შევცვალო და ჩემი აუდიტორია მაქსიმალურად გამოვიყენო იმისთვის, რომ საზოგადოებაში მეტი სინათლე იყოს.