ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი
1734206079
"შენ ჩემო დიდო ტკივილო" - ამ ფრაზის ხსენებაზე თეონა ქუმსიაშვილის სულში ჩამწვდომი ხმით ნამღერი სიმღერა გაგონდება და მაშინვე სევდიანდები. ეს სიმღერა ტრაგიკული თეონას სავიზიტო ბარათადაც იქცა. ერთგვარად ის გედის სიმღერასავით ჟღერს, საბედისწეროდ შესრულებული და საკრალური...
26 წლის ხევსური პოეტი და ავტორ-შემსრულებელი 2010 წლის 22 ივლისს, მუცოში, უბედურ შემთხვევას ორ ვაჟთან ერთად ემსხვერპლა. ავტომობილი მდინარეში გადავარდა...
შეიძლება ცოტამ თუ იცოდეს, რომ სიმღერის ტექსტი, რომელიც თეონა ქუმსიაშვილთან ასოცირდება, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეკუთვნის. ტკივილად ამღერებული ლექსი, თავის დროზე, შეყვარებულ პოეტს თავისი მომავალი მეუღლისთვის მიუძღვნია.
აი, რას უყვება ის "პრაიმტაიმს".
ტარიელ ხარხელაური: "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. მარინა სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე.
ერთხელაც თეონამ მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. სიმღერას რომ მოვუსმინე, შემძრა! სულის მძიმე განწყობა დამანახა. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს თეონას წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა...