ერთადერთი, რის მოგონებაც არ შემიძლია, მისი ხმაა, რომელიც არასდროს ამოუღია... - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პოლიციის მიერ შშმ არასრულწლოვანის ცემის ფაქტს ეხმაურება და იხსენებს ემოციურ ისტორიას, რომელიც ბავშვთა სახლში მუშაობისას თავს გადახდა.

„გამხეცებული პოსტი დავწერე გუშინ პოლიციელზე, ციხიდან ცხვირი არასდროს გამოყოს-მეთქი. გამოვუშვი ბრაზი და ცოტა ხანში, ჩემი პოსტი ისევ რომ შემომხვდა, ისე უსიამოვნო იყო, მივმალე.

უხსოვარ დროს, ბავშვთა სახლში რომ ვმუშაობდი, პატარა მუნჯი ბიჭი გვყავდა ერთი, სანდრო. ჟღვლინტიანი ბავშვები ხომ გინახავთ, ნებისმიერ ამინდში, სულ რომ ცხვირიდან მოსდით, ასეთი იყო. ყოველ დილას, ეზოს კართან მელოდა და რომ მხედავდა, სიხარულისგან ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. მაინც მესმოდა მისი „ხმა“. ისეთ დიდ პირს აღებდა, ნიკაპი მკერდზე ებჯინებოდა და გაფართოებული, განათებული თვალებით მორბოდა ჩასახუტებლად და მერეც, მთელი დღე გულზე მყავდა აკრული.

სახლში რომ ვბრუნდებოდი, ტანსაცმელზე ლოკოკინას ვერცხლისფერი ნაკვალევივით მქონდა მიხატული მისი ჟღვინტები. უკვე ნიუ იორკში ვცხოვრობდი, ბავშვებს რომ ჩვეულებისამებრ მოსაკითხად დავურეკე და მითხრეს, სანდრო ცოტა ხნით სოფელში, სახლში წაიყვანეს და გაყინულ ტბაზე სრიალისას ყინული ჩაუტყდაო. ჩემს ყველაზე ღრმა ტრავმათაგან ეს ტრავმა ერთ-ერთია და ჩემს ყველაზე მკაფიოდ ჩაბეჭდილ სურათებს შორის, სანდროს სახე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა. ერთადერთი, რის მოგონებაც არ შემიძლია, მისი ხმაა, რომელიც არასდროს ამოუღია. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს სახე ჩემთანაა და ყველგან, სადაც ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს ვხედავ, ჩემთან ბრუნდება. ამ დროს მონატრებას და მთელ სხეულში საშინელებას ერთად ვგრძნობ, რის გამოთქმაც შეუძლებელია. ხოდა, ციხიდან ცხვირი არ გამოყოს დროზე ადრე მაგ სადისტმა“, - წერს ფანჯიკიძე.