„ერთ-ერთ ჩამოსვლაზე შვილი აცილებდა საბერძნეთში, რა დროსაც ავარიაში დაიღუპა.. ახლა თვითონ წავიდა გიოსთან“ - კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა

ემიგრანტი

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მრავალწლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში მძიმე სენით გარდაიცვალა. აღსანიშნავია მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორიაც, რომელიც შვილის გარდაცვალებას უკავშირდება.

„გარდაიცვალა ემიგრანტი, ნანა ქორფაშვილი, თავის გიოსთან წავიდა. წლები საბერძნეთში, ემიგრაციაში იყო. შვილი, გიორგი ერთ-ერთ ჩამოსვლაზე საბერძნეთში აცილებდა, რა დროსაც ავარიაში დაიღუპა. ნანას სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ ბოლო წუთამდე მუშაობდა რთულ მდგომარეობაში. ობოლი შვილიშვილი ელოდებოდა საქართველოში და კიდევ ერთი შვილი.. ბოლოს ცუდად იყო, ბილეთი აუღო ბერძენმა პატრონმა, დაბრუნდა საქართველოში და გარდაიცვალა.

მისმა მეგობარმა ემიგრანტმა, ხათუნამ უმძიმესი ისტორია მოგვიყვა მასზე: შუაღამეს დამირეკავდა. საოცარ ისტორიებს მიყვებოდა ხოლმე. მთელი ღამე ვბღაოდი. დილას ბოდიშს მიხდიდა, რას გერჩი შენ, მოგახლი ჩემს ტკივილსო. არ ვიმჩნევდი, რომ მტკიოდა. მეთქი აქ მაინც დაიცალოსთქო. საფრანგეთში უნდოდა სამკურნალოდ წამოსვლა, ბოლო წუთამდე მუშაობდა საბერძნეთში. ვეჩხუბებოდი, სახლში წადი-თქო ! დარდობდა, რომ არ ვიმუშაო ობოლ შვილიშვილებს რა ვუყოო. ბიჭზეც დარდობდა. ბოლო დღეებში სამსახურიდან გამოუშვეს.

დღეს ფიქრებში ამიტაცა, მეთქი მოვიკითხო-თქო. ვფიქრობდი, რა არის ცხოვრება. ბევრს ვფიქრობდი, ბევრს. მახსენდებოდა ჩვენი მიმოწერა და გარდაცვლილი შვილის დარდი. რამდენი საიდუმლო მანდო. როგორ ვეიმედებოდი, ღამეები გვათენდებოდა. დაისვენე ნაააააა. შენ მონატრებულ შვილს ჩაეხუტები. მაგაზეც დარდობდი. რად მინდა სიცოცხლე შვილმკდარ დედასო? მერე შენვე უპასუხებდი, ცოტა კიდე მინდაო. ესაა წუთისოფელი. საშინლად იწვალე. ბოლოს მითხარი, არ იდარდო ჩემზე, რძლები მპატრონობენ, არ ვარ უბედური, ღმერთს მადლობაო. მეც მადლობას ვუხდი მათ.

მოსაწერად შემოვედი და შვილის სტატუსი დამხვდა. წასულხარ იქ, იმიერში. ხშირად გამახსენდები ტკბილო ქალბატონო, ჩემო ტკივილიანო ნანა. რა უბედური ცხოვრება დაგირჩა, რამდენი იწვალე. განისვენე მარადიულ სასუფეველში.. შეხვედრამდე“ - ამბობს ემიგრანტი.