„ექიმმა რუსთავის გზატკეცილზე 1000 დოლარად გამყიდა“ - წლების წინ გაშვილებული ქალის სულისშემძვრელი ამბავი

 ნინი მოხევიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვების გაყიდვასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.  ნინი მოხევიშვილი აცხადებს, რომ ის წლების წინ რუსთავის გზატკეცილზე გაყიდეს. ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.

მოხევიშვილმა აღმზრდელი დედისგან, მხოლოდ 18 წლის შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილებია და ის რუსთავის სამშობიარო სახლიდან წამოიყვანა.

მისი თქმით, ამ დროს აღნიშნული სამშობიარო სახლის დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი იყო, რომელმაც ბიოლოგიურ დედას შვილი მოჰპარა და ათას დოლარად გაყიდა.

„ალექსანდრე ბარავკოვმა უთხრა მას, რომ ჰყავს რუსქართველა ბავშვი, რომელიც ძალიან ლამაზია და 500 დოლარის სანაცვლოდ, როგორც ყველა ბავშვს ყიდდნენ, ასე იაფად არ გამყიდდნენ მე და გამყიდდნენ 1000 დოლარად. რუსთავის ერთ-ერთ ტრასაზე დაიბარეს ჩემი მშობლები და გადასცეს გზაზე ათასი დოლარი. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი კოლეგა, კოტე მანჯავიძე“, - განაცხადა მოხევიშვილმა.

შსს-მ გამოძიება 5 ეპიზოდზე 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს.