„ძალიან უყვარდა ბუნება... თავმდაბალი იყო ძალიან“ - პატრიარქი მის მშობლიურ კუთხეში, სოფელ სნოში გაიხსენეს

პატტრიარქს იხსენებს

პატრიარქის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი მშობლიური მხარეა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს სოფელი სნოში ჩავიდა - იქ, სადაც გაიზარდა ილია II, სახლი, სადაც დაიბადა და ადგილობრივები, რომლებიც დღემდე ინახავენ მის ბავშვობასთან დაკავშირებულ მოგონებებს.

ჯემალ შიოლაშვილი: "მე და უწმინდესი ერთი ოჯახის მესამე თაობა ვართ - შვილიშვილები ვართ და ერთად დაზრდილები. გადამღები იყო - სურათებს იღებდა სულ და სულ ყველგან მე ვატარებდი ხოლმე. ძალიან უყვარდა ბუნება - იღებდა სურათებს, კმაყოფილი იყო ძალიან, ძალიან ხშირად ამოდიოდა ხოლმე. თავმდაბალი იყო ძალიან - თუ ასეთ წარმატებას მიაღწევდა ასეთი ბავშვი, ახლაც ძნელი წარმოსადგენია."

მღვდელ-მონაზონი, კონსტანტინე ლურსმანაშვილი: "როდესაც ვსაუბრობთ მისი უწმინდესობის ღვაწლზე, ვსაუბრობთ ეპოქაზე, რომელიც მან დაგვიტოვა და შეგვიქმნა. ეპოქა, რომელიც მართლაც რომ მნიშვნელოვანი და ისტორიულია. შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობის ეს ღვაწლი განმსაზღვრელია საქართველოს ეკლესიის ისტორიისა. სად დაიბადებოდა ასეთი ადამიანი, თუ არა ასეთ ადგილას - ასეთ ძლიერ მხარეში, როგორიცაა მთა. შეიძლება ითქვას, რომ მის უწმინდესობას სწორედ რომ მთისთვის დამახასიათებელი ძლიერი ხასიათი ჰქონდა. ძალიან ხშირად მოდიოდა თავის მშობლიურ მხარეში და ჩვენს გვერდზე იყო ხოლმე. გვაძლიერებდა თავისი ძლიერი სიტყვითა და სიყვარულით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დაგვიტოვა".