პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დღეებში ჟურნალისტები ინტერესდებიან (მიმაჩნია, რომ ზედმეტად) იმით, ვაპირებ თუ არა გადადგომას და სამსახურიდან წასვლას და თუ კი – რა მიზეზით. ინსინუაციებისა და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მინდა, განვმარტო შემდეგი: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით – ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებებისა და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).
კერძოდ, მაგალითად, ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი „კოვიდის“ მართვისთვის გამოყოფილი ერთი მილიარდი ლარის მითვისებაში?! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის განმავლობაში ჩემი შემოსავალი არც ერთი მხრიდან ერთი ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც – იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც კოვიდავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის განმავლობაში არც ერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია.
ცდილობენ, დაგვაბრალონ, რომ საქართველოში კოვიდავადმყოფების მართვა ძალიან ცუდად ხდებოდა?! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში კოვიდავადმყოფებს?! და ასე განსაჯეთ, ჯანმრთელ ადამიანებსაც კი?! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით?! ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას?! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ?!“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, სინამდვილეში, საქართველოში კოვიდავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე.
„კერძოდ, ევროპისა და ამერიკის ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში (2020 წლის ბოლოს ორ-სამკვირიანი მონაკვეთის გამოკლებით) არც ერთი კოვიდავადმყოფი არ დარჩენილა ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტების მკურნალობით. საკმარისია, ითქვას, რომ კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებლით – ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად, გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას, ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ჩვენზე ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ბევრ კლინიკაში. აღარაფერს ვამბობ ბინაზე კოვიდგარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.
არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება.
მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებასა და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები. შორს რომ არ წავიდეთ – მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვისაც კი (რომელმაც 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა) გვაკრიტიკებდნენ და ისიც ვიცი, რომ საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს. აი, სულ ეს არის“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.