„დიდია მისი ღვაწლი და ამაგი ჩვენი რაიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ - ცნობილ ქართველ ჟურნალისტს ემშვიდობებიან

ქეთევან ნაკაშიძე

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა.

მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება _ 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა.

მანამდე იგი „ლანჩხუთის მოამბის“ („კომუნისტური შრომა“) რედაქტორის მოადგილე გახლდათ.

ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას ახდენდა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე.

ქეთევან ნაკაშიძის სტატიები იყო უაღრესად მწვავე, თუმცა ყოველთვის _ ობიექტური და სამართლიანი, მუდამ იცავდა ეთიკის მაღალ სტანდარტს. ათეულობით ახალგაზრდას გაუკაფა გზა ჟურნალისტიკაში.

ლია კომახიძე: „ყველა ლანჩხუთელისთვის და მთელი რაიონისთვის გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი ქეთევან ნაკაშიძე. ქალი, რომელმაც მართლაც რომ „ლამპის შუქზე“ შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ _ ამბის და სინათლის მომტანი გაზეთი, თავისი ახალგაზრდა სარედაქციო კოლექტივით… დიდია მისი ღვაწლი და ამაგი ჩვენი რაიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უფალმა განუსვენოს“.