1730738460
“დიდი ქორწილი უნდოდა... ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ“ - ისრაელში დაღუპული თამარ გოლდენბერგის დედა
„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი ისრაელში „ჰამასის“ ქართველი ებრაელი მსხვერპლის ოჯახის წევრებს შეხვდა. თამარ კორსანტია გოლდენბერგი 7 ოქტომბერს, „ნოვას“ ფესტივალზე ტერორისტთა თავდასხმისას გაუჩინარდა. ოჯახს 14 დღის განმავლობაში ჰქონდა იმედი, რომ გოგონა გადარჩა და „ჰამასის“ ტყვეებს შორის იმყოფებოდა, თუმცა 21 ოქტომბერს მისი ცხედარი იპოვეს.
თამარის დედა ჰყვება, რომ შვილს 14 დღის განმავლობაში ელოდნენ.
„14 დღე ძალიან ბევრია, როდესაც შვილს ეძებ, ეს გაუსაძლისია. 14 დღე ელოდები როდის დაგიკაკუნებენ კარზე და გეტყვიან, რომ შენი შვილი დაიღუპა. ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, ვინც ამ დღეებში მოდიოდა, სთხოვა, ზარი არ დაერეკათ კარზე, რადგან ყველა ზარზე გული მისკდებოდა. მარიკა ინტერვიუებს აძლევდა ყველა არხს, ჩემი ქმარი ძაღლებით, მეგობრებთან ეძებდა – ყველა სანტიმეტრი შეამოწმა. ბოლოს დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტყვედ ჰყავდათ. ფიქრიც არ შემეძლო იმაზე, რომ დაიღუპა. ერთი კვირით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, შეყვარებულმა ხელი სთხოვა. ოჯახის შექმნა უნდოდა. მეკითხებოდა, დედა, დიდ ქორწილს გადამიხდიო? რად გინდა დიდი ქორწილი, სჯობს სადმე წახვიდე მეთქი, ის კი მპასუხობდა, დიდი ქორწილი მინდაო. ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ“, – იხსენებს ტატიანა გოლდენბერგი „იმედის კვირასთან“.
ასევე ნახეთ: