დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე თემატური მოკვლევის ვადა ორი თვით გახანგრძლივდება

რეკლამა

საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე თემატური მოკვლევის ვადა ორი თვით გახანგრძლივდება.

აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში. რეგლამენტის შესაბამისად, ამაზე პარლამენტის ბიუროს ეცნობება.

მოკვლევას ერთობლივად ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი ერთობლივი ჯგუფი.

პარლამენტის განცხადებით, თემატური მოკვლევა 2022 წლის 20 ივნისს დაიწყო და „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მოკვლევა მიზნად ისახავს საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.

თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები საჯაროდ არის გამოქვეყნებული ასევე, მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული კითხვარი 40-მდე ორგანიზაციას გაეგზავნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციებს, სამეცნიერო ცენტრებს,

დამოუკიდებელ ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტებისაგან.

თემატური მოკვლევა ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ.