„დედას სწერენ, აწუხებენ.. არ მინდა, ინერვიულოს“ - 17 წლის ქვიარ მოზარდი, აფხაზეთიდან

აფხაზეთიდან

ლუკა აბლოთია 17 წლის ქვიარ მოზარდია აფხაზეთიდან. საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბარი ადრეულ ასაკში გადაწყვიტა, იქამდე კი საკუთარი თავის მიღების გზა გაიარა, რომელიც საქართველოში დაიწყო, შემდეგ კი საფრანგეთში ცხოვრებით გაგრძელდა.

სწორედ საფრანგეთში ცხოვრებისას მიხვდა, რომ უცხო ქვეყანაში მოხვედრამ, გარემოსთან შეგუების სირთულემ, სხვების მიმართ ჰომოფობიური განწყობა განაპირობა, თუმცა საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანებისა და გარშემომყოფების მხარდაჭერამ საკუთარი თავის მიღება გაუიოლა და დღეს, როცა უკვე საქართველოში ცხოვრობს, იცის, რომ სამომავლოდ გარემოს შეცვლაში მონაწილეობა, თანასწორი ქვეყნის შენება უნდა.

პირველი ქამინგაუთი დასთან და მის მეგობართან გავაკეთე, საპასუხოდ კარგი რეაქცია დამხვდა, ამის შემდეგ მშობლებთან ლაპარაკი გადავწყვიტე. თავდაპირველად, ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. პრინციპული ადამიანი ვარ და ვიცოდი, რომ მათთან ღიად საუბარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ამიტომ არ გავჩერდი და მუდმივი საუბრის შედეგად, ისე მოხდა, რომ დედა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, მამას ჯერ კიდევ აქვს პრობლემა. სხვა ადამიანები და ახლობლები ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ, რაღაც კომენტარებს აკეთებდნენ, თუმცა მათი აზრი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ვცხოვრობ, შიში არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი დედაა და მას სწერენ, აწუხებენ და არ მინდა, ინერვიულოს. თუ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არავინ აწუხებს, მე მაქვს ძალა, რომ თავი დავიცვა და საკუთარი აზრი დავაფიქსირო. თანაც, როცა მყარი პოზიცია გაქვს, ვეღარ ბედავენ, რომ საკუთარი აზრი თავს მოგახვიონ ან რაიმეზე მიგითითონ.

 

წყარო: queer.ge