1785062796
"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია" - ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს.
"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია, იდაყვის სახსარში. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
როგორც ვიცი უკრაინელები არიან. დანარჩენი ხუთი პაციენტიდან, ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს წელის არეში აქვთ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით", - განაცხადა თამარ მახათაძემ.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით, მგზავრები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.











